Грузинская Православная Церковь

Подписка на Лента Грузинская Православная Церковь
საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური წმინდა მართლმადიდებელი ეკლესია
URL-адрес: http://patriarchate.ge
Обновлено: 12 мин. 7 сек. назад

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება ფერისცვალების დღესასწაულზე (19.08.2019)

19 августа, 2019 - 14:45

სახელითა მამისათა და ძისათა და  წმინდისა სულისათა

ჩვენთან არს ღმერთი!

გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს, – ფერისცვალებას. ეს არის განსაკუთრებული დღესასწაული. მაცხოვარმა წაიყვანა მოწაფეები: პეტრე, იაკობი და იოანე, აღვიდა თაბორის მთაზე და გამოეცხადა მათ სხვა სახით. მისი სახე და სამოსელი ბრწყინავდა ვითარცა მზე.

დგას საკითხი – რა ნათება იყო ეს ნათება, რომელიც იხილეს მოციქულებმა. ეს იყო არაბუნებრივი ნათება, ღვთაებრივი ნათება. მრავალი წმინდა მამა ეხება ამ საკითხს. ტროპარი გვეუბნება, რომ ეს იყო ნაწილი იმ ნათებისა, რომელიც ჰქონდა მაცხოვარს; მაცხოვარს რომ მთელი ნათება ეჩვენებინა, მოციქულები ვერ გაუძლებდნენ.

დღეს ჩვენ ვიფიქროთ, რა უნდა ვაკეთოთ იმისთვის, რომ ფერისცვალება მოხდეს ჩვენშიც. ერთ მდგომარეობაში არაფერი არ ჩერდება, ყველაფერი მოძრაობს, ყველაფერი იცვლება. 

ძველი რომაელები ამბობდნენ, დრონი იცვლებიან და ჩვენც ვიცვლებით მასთან ერთადო. ჩვენს დროში, როცა ასეთი ცვლილებებია ადამიანის სულში, მის ბუნებასა და გონებაში, საჭიროა დიდი ყურადღება, რომ მიწიერმა და ხორციელმა არ გაიტაცოს იგი. 

ადამიანი ან მაღლა ადის სრულყოფის კიბეზე ან დაბლა ჩადის. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ავიდეთ მაღლა და შევხვდეთ უფალს. 

წყალობა ღვთისა, ნათელი ღვთისა, მადლი ღვთისა გფარავდეთ თქვენ და საქართველოს. 

ჩვენთან არს ღმერთი!

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების წარმომადგენლები სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან

13 августа, 2019 - 13:45

ა.წ. 8 აგვისტოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი, ბ-ნი რუსლან აბაშიძე და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში ბ-ნი დავით ფაცაცია და მათი მეუღლეები მიიღო.

ისინი დასალოცად ეწვივნენ მის უწმინდესობას და ამასთან გააცნეს თავის მომავალ საქმიანობასთან დაკავშირებული გეგმები.

უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ დალოცა სტუმრები და კონფლიქტის მშვიდობიანად დარეგულირების გზით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის იმედი გამოთქვა.

საქართველოს საპატრიარქოს განცხადება (12.08.2019)

12 августа, 2019 - 15:37

როგორც საზოგადოებისათვის ცნობილია, რუის-ურბნისის ეპარქიაში, ყინწვისის ტაძარში, ადგილობრივი სასულიერო პირების ინიციატივით გასული საუკუნის 70-იანი წლების იატაკი შეიცვალა მარმარილოს ფილებით.

მიუხედავად იმისა, რომ არსებული იატაკი არ წარმოადგენდა სიძველეს, ასეთი ნაბიჯის გადადგმა შეუთანხმებლად არის ყოვლად გაუმართლებელი.

ყინწვისი XIII საუკუნის ნაგებობა და კულტურული მემკვიდრეობის ერთერთი უმნიშვნელოვანესი ძეგლია და მასთან დაკავშირებული ნებისმიერი სამუშაო პროცესი უნდა მიმდინარეობდეს სათანადო ნებართვით.

როგორც კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს განცხადებაშია ნათქვამი, ძეგლი არ დაზიანებულა, მაგრამ დაგებული იატაკი სრულ დისონანსშია ტაძართან და საჭიროა ამჟამად არსებული რეალობის სასწრაფოდ გამოსწორება, რაც სრულიად შესაძლებელია.

ცნობისათვის აღვნიშნავთ, რომ ყველა ეპარქიას მისი მღვდელმთავარი განაგებს და მონასტრის საძმოს სურვილი ამა თუ იმ ეკლესიაში სამშნებლო სამუშაოების ჩატარებისა, პირველ რიგში, მმართველი იერარქისგან და საქართველოს საპატრიარქოს ხუროთმოძღვრების საბჭოსგან უნდა იყოს ნებადართული, ხოლო როდესაც საქმე ეხება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს, ასეთი სახის საქმიანობა აუცილებლად უნდა შეთანხმედეს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოსთანაც. ეს არის ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობის დადგენილი წესი, რომლის დაცვა ყველას მართებს. მოცემულ შემთხვევაში კი ყველა საფეხურზე დარღვევას ჰქონდა ადგილი.

საეკლესიო კანონიკიდან გამომდინარე, ველოდებით ეპარქიის მმართველი მღვდელმთავრის რეაგირებას ყინწვისის ტაძრის წინამძღვრის თვითნებურ ქმედებაზე.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება (11.08.2019)

12 августа, 2019 - 14:15

ჩვენთან არს ღმერთი!

დღეს არის ევსტათი მცხეთელის დღესასწაული, გილოცავთ!

მინდა დღეს ჩვენს წარსულზე, აწმყოზე და მომავალზე ვთქვა ორიოდ სიტყვა. წარსული უნდა იყოს მასწავლებელი ჩვენი, მის საფუძველზე უნდა ვისწავლოთ, რა ვაკეთოთ და რა არა.

ჩვენ გამოვიარეთ რთული დრო, ომები, არეულობები, მაგრამ შევინარჩუნეთ ჭეშმარიტი სარწმუნოება. ამიტომაც ვმადლობთ უფალს, რომ ეს ღვთის წყალობა შემოგვრჩა.  დღეს ჩვენ ვცხოვრობთ ისევ რთულ დროს, ისევ არ არის სიმშვიდე, მაგრამ ჩვენ უნდა გავუძლოთ მას.

მინდა განსაკუთრებული ყურადღება მივაქციოთ ჩვენს ახალგაზრდებს. ახალგაზრდები ჭკვიანები, ბრძენნი არიან, მაგრამ ბოროტი ძალა ცდილობს ახალი თაობა გამოსტაცოს ღმერთს. მე იმედი მაქვს, რომ  ჩვენი ახალგზარდები გაუძლებენ განსაცდელს, და სათანადო პასუხს გასცემენ დღევანდელ გამოწვევებს.

ჩვენ ვცდილობთ მაგალითი ავიღოთ სხვა ქვეყნებიდან, მაგრამ ისეთი წარსული და გამოცდილება გვაქვს, რომ სხვებმა უნდა აიღონ მაგალითი ჩვენგან, ჩვენი ახალგაზრდებისაგან. მომავალი ჩვენი ახალგაზრდების ხელშია და მე იმედი მაქვს, რომ ისინი დასძლევენ პრობლემებს.

შევთხოვთ უფალს, რომ ,,უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმა აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით”. ძალა და მშვიდობა ეს ღვთისაგან მონიჭებული მადლია, რომელიც არის უძლურთა მკურნალი და ნაკლულევანთა აღმავსებელი.

ნუ ეცდებით აიღოთ მაგალითი სხვისაგან, აიღეთ ჩვენი წინაპრებისაგან. ჩვენი წინაპრები დიდი სიბრძნით და ღვთის შიშით იყვნენ მოცულნი.

მადლი ღვთისა და წყალობა ღვთისა შეგეწევათ თქვენ, მადლი ღვთისა და წყალობა ღვთისა ეწეოდა ჩვენს წინაპრებს.

კურთხევა უფლისა თქვენზედა მისითა მადლითა და კაცთმოყვარებითა ყოვლადვე აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ!

ჩვენთან არს ღმერთი!

ღმერთი ჩვენთანაა!

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მსოფლიოს ქართველ ებრაელთა მთავარ რაბინს შეხვდა

8 августа, 2019 - 13:01

ა.წ. 7 აგვისტოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მსოფლიოს ქართველ ებრაელთა მთავარ რაბინს იაკობ გაგულაშვილი და მის თანმხლებ პირებს შეხვდა.

მიღებას ესწრებოდნენ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ისრაელში ბ-ნი ლაშა ჟვანია, საქართველოს ებრაელთა კავშირის თავმჯდომარე ბ-ნი ედუარდ პალაგაშვილი, დამსახურებული სპორტული კომენტატორი და საზოგადო მოღვაწე ბ-ნი ჯამლეტ ხუხაშვილი და სხვანი.

მისმა უწმინდესობამ ქართველებსა და ებრაელებს შორის არსებულ მრავალსაუკუნოვან და სანიმუშო ძმობას გაუსვა ხაზი.

მსოფლიოს ქართველ ებრაელთა მთავარმა რაბინმა აღნიშნა, რომ დამკვიდრებული მოსაზრების თანახმად, ქართველებსა და ებრაელებს შორის ისტორიული მეგობრობა 26 საუკუნის წინ დაიწყო, თუმცა მისი აზრით და ებრაულ წმინდა წიგნებზე დაყრდნობით შეიძლება ითქვას, რომ ამ ურთიერთობას გაცილებით ადრე ჩაეყარა საფუძველი და თავის მხრივ დასძინა, რომ ყველაფერს გააჯეთებს ჩვენს შორის არსებული კავშირის განმტკიცებისთვის. მან ხაზი გაუსვა კათოლიკოს-პატრიარქის გამორჩეულ მოღვაწეობას, მადლობა გადაუხადა მიღებისათვის და ჯანმრთელობა და დღეგრძელობა უსურვა.

საქართველოს საპატრიარქოში ბავშვთა ქორწინებისა და ოჯახში ძალადობის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა

6 августа, 2019 - 16:15

ა.წ. 6 აგვისტოს საქართველოს საპატრიარქოში, კავშირი ,,21-ე საუკუნის”  ორგანიზებით, გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის(UNFPA) მხარდაჭერით და სსიპ  ,,ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის“ (ATIPFUND)  პარტნიორობით საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმსახურებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი, მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე), გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა) და მცხეთა-თბილისის ეპარქიის სამღვდელოების წარმომადგენლები.

შეხვედრის მიზანი იყო  სასულიერო პირებისათვის სრული ინფორმაციის მიწოდება ადრეულ (ბავშვობის) ასაკში ქორწინების  საზიანო პრაქტიკის და ოჯახში ძალადობის შესახებ, ამასთან სახელმწიფოს პოლიტიკის პრიორიტეტებზე ამ სფეროში. 

სასულიერო პირებს წარედგინათ შესაბამისი ინფორმაცია – სტატისტიკა, საკანონმდებლო ბაზა და პრაქტიკა. ამ საკითხებთან  დაკავშირებით გაიმართა საინტერესო დისკუსია და მხარეთა მიერ გამოითქვა მზაობა ერთობლივი თანამშრომლობისათვის.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება (04.08.2019)

4 августа, 2019 - 15:46

ჩვენთან არს ღმერთი!

გილოცავთ მარიამ მაგდალინელის დღესასწაულს. დღეს ჩვენ ვფიქრობთ დედის როლზე, დედის მნიშვნელობაზე; იმ დროს, როცა ჯვარს აცვეს მაცხოვარი და მოწაფეებმა დატოვეს უფალი, მარიამ მაგდალინელი იდგა ჯვრის გვერდით და ის სიყვარული, რომელიც იყო მაცხოვარსა და მარიამ მაგდალინელსა და მენელსაცხებლე დედათა შორის, ეს არის მაგალითი, თუ როგორი უნდა იყოს ერთობა, როგორ უნდა იმოღვაწეოს ყოველმა ქალმა, დედამ, დამ; როგორი დამოკიდებულება უნდა ჰქონდეს ეკლესიასთან, ოჯახთან.

ჩვენ ვცხოვრობთ რთულ დროს. მრავალი შემთხვევაა, როცა დედა ტოვებს ოჯახს და მიდი სამსახურში. სამსახური საჭიროა, მაგრამ პირველი შვილების აღზრდაა. 

ღმერთმა ძალა მოგცეთ, ღმერთმა სიბრძნე მოგცეთ. ღმერთმა ინებოს, რომ ყოველმა დედამ აღასრულოს თავისი ვალი ღვთისა და სამშობლოს წინაშე. 

ჩვენთან არს ღმერთი

ვაჯილდოებთ სასულიერო პირს, დეკანოზ რევაზ ოთარაშვილს. იგი ჯილდოვდება მეორე ჯვრის ტარების უფლებით. აქსიოს!

ჯვარი გეწეროთ თქვენ და სრულიად საქართველოს!

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, საქართველოს პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრისა და საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის სიტყვა ილიაობის დღესასწაულზე (02.08.2019)

4 августа, 2019 - 15:45

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი

ჩვენთან არს ღმერთი!

გილოცავთ წმინდა ილია წინასწარმეტყველის დღეს. ილია ჭავჭავაძეს ვულოცავთ ანგელოზის დღეს. ილია პირველს ვულოცავთ ანგელოზის დღეს.

დალოცვილი და გახარებული იყავით თქვენ და სრულიად საქართველო.

წმინდა ილია წინასწარმეტყველი განსაკუთრებით გვიფარავს ჩვენ. მრავალი ტაძარი აშენდა ილია წინასწარმეტყველის სახელზე. ეს ტაძარი იმყოფება ილია წინასწარმეტყველის მთაზე. ეს არის წმინდა ილიას მთა. მისი ლოცვა-კურთხევა შეგეწიოთ თქვენ და საქართველოს. 

ჩვენთან არს ღმერთი.

დღეს ილოცება სტუდენტური ექსპედიცია ,,მახარებელი”, რომელიც ხვალიდან გაემგზავრება სვანეთში, ფშავ-ხევსურეთში, ხევსა და ჯავახეთში. ღმეთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ და თქვენც სიხარული მიუტანეთ იმ კუთხეებს.

საქართველოს პრეზიდენტი ქ-ნი სალომე ზურაბიშვილი

თქვენო უწმინდესობავ, ნება მიბოძეთ, რომ მოგილოცოთ დღევანდელი დღე, თქვენი ანგელოზის დღე. გისურვოთ დღეგრძელობა, ჯანმრთელობა, მოვულოცო წმინდა სინოდს, სრულიად საქართველოს და აქ მდგარ საზოგადოებას ეს მშვენიერი დღე. მინდა ასევე ყველას სახელით დიდი მადლობა მოგახსენოთ თქვენი ღვაწლისთვის. 

ჩვენ მოგყვებით იმ ძალიან რთულ გზაზე, რომელიც ასევე არის წმინდა ილია მართალის გზა. საქართველოსთვის ეს გზა ყოველთვის რთული იყო და ვიცით, რომ ძალიან ბევრი სირთულე, ალბათ, გადასალახავია, მაგრამ ჩვენ თქვენს გამო გვაქვს ძალიან დიდი იმედი და მოგყვებით ბოლომდე ამ გზაზე, რომელიც მიდის საქართველოს გამთლიანებისკენ. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა. 

გისურვებთ მრავალ წელს.

 ჩვენ თქვენ გვჭირდებით.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბ-ნი მამუკა ბახტაძე

თქვენო უწმინდესობავ, უდიდესი მოწიწებით მინდა მადლობა გადაგიხადოთ თქვენი თავდადებელი შრომისა და მოღვაწეობისთვის, რომელიც ყოველთვის გულისხმობდა ქართული ეკლესიისა და ჩვენი სამშობლოს სიძლიერეს და იყო ნაკარნახევი ჩვენზე ზრუნვით. 

დღეს არის ორი დიდი წმინდანის, წმინდა ილია მართლის და ილია წინასწარმეტყველის ხსენების დღე. მე მსურს, ყველა ქრისტიანს, ჩვენს თითოეულ მოქალაქეს, ჩვენს ემიგრანტებს მივულოცო დღევანდელი დღე. 

თქვენო უწმინდესობავ, თქვენი ღვაწლი არის უდიდესი, საქართველოს სჭირდება თქვენი ლოცვა, თქვენი რჩევები, თქვენი სიბრძნე, რომ ჩვენ, ქართულმა საზოგადოებამ, შევძლოთ ავაშენოთ ძლიერი და ერთიანი სახელმწიფო. 

კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღეს და ვულოცავ სრულიად საქართველოს. 

ძლიერი ქართული ეკლესია ნიშნავს ძლიერ ქართულს სახელმწიფოს და ძლიერი ქართული სახელმწიფო არის ძლიერი ქართული ეკლესია.

საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი)

თქვენო უწმინდესობავ და უნეტარესობავ, ჩვენო ძვირფასო სულიერო მამავ! 

დღეს მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს დიდებული წინასწარმეტყველის, წმინდა ილია თეზბიტელისა და წმინდა ილია მართლის (ჭავჭავაძის) ხსენებას. დღეს ჩვენ ასევე თქვენი ანგელოზის დღეს ვზეიმობთ. ნება მიბოძეთ წმინდა სინოდის მღვდელმთავრების, სამღვდელოების, სამონაზვნო დასისა და მრევლის სახელით, გულითადად მოგილოცოთ ეს შესანიშნავი დღე. შეგეწიოთ ამ დიდი წმინდანების ლოცვა!

სამოც წელიწადზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც თქვენ მონაზვნად აღიკვეცეთ და სახელად ილია გეწოდათ, რაც ღმრთის ძალას ნიშნავს. მას შემდეგ წმინდა ილია წინასწარმეტყველი თქვენი განსაკუთრებული მეოხია ყოვლადწმინდა სამების წინაშე და მისი ლოცვით, მთელი ამ წლების განმავლობაში, თქვენ გეძლევათ მადლი რათა ,,ყოვლითა განცხადებულებითა” იქადაგოთ სიტყვა ღმრთისა და ,,ძალითა დიდითა” დაამოწმოთ აღდგომა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი (საქ. 4: 29, 33).

თქვენი კათოლიკოს-პატრიარქად მსახურების ჟამი საქართველოს ისტორიის ურთულეს პერიოდს დაემთხვა. საბჭოთა ათეისტური იმპერიის ტყვეობიდან გამოსულ ქვეყანას თავს კვლავ დიდი განსაცდელები დაატყდა: ძმათამკვლელი ომები, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაცია, ასიათასობით ადამიანის საკუთარი მიწა-წყლიდან განდევნა, დიდი მატერიალური სიდუხჭირე და სხვა მრავალი. სწორედ ამ წლებში მოჰმადლა უფალმა ეკლესიას თქვენი მამათმთავრობა, როგორც კეთილი მწყემსი და ბრძენი საჭეთმპყობელი. თქვენ, ამ მძიმე წლებში, ღვთისა და სამშობლოსადმი სიყვარულით გამსჭვალული, ქართველ ხალხში ჭეშმარიტ სარწმუნოებას ქადაგებდით და ჩვენი ერის ისტორიაში მართლმადიდებელი ეკლესიის მრავალსაუკუნოვანი როლის შესახებ  გვახსენებდით.

დღეს ვფიქრობთ თქვენს ღვაწლზე, განვლილ გზაზე და ამასთან, თქვენი მფარველი წმინდანის, ილია თეზბიტელის ცხოვრება გვახსენდება. გვაოცებს მისი მხურვალე და უშიშარი მსახურება ღვთისაგან განდგომილ ხალხში რწენის დანერგვისათვის. ასეთივე რთული იყო კომუნისტური დევნის შედეგად ეკლესიას დაშორებული ერის რწმენისაკენ შემობრუნება, რაც თქვენ შეძელით, ღვთის შეწევნითა და ერთგული სასულიერო და საერო პირების თანადგომით.

განსაკუთრებით აღსანიშნავია ასევე თქვენი მოღვაწეობა და დიდი ამაგი ქართული ეროვნული ცნობიერების აღორძინების საქმეში. ჩვენს ერში დამოუკიდებლობის სულის გაღვივებისთვის მრავალი საეკლესიო მოღვაწის, და მათ შორის სამშობლოსათვის თავდადებულთა წმინდანად შერაცხვა ამის ნათელი მაგალითია; და ეს ყველაფერი ქართული სახელმწიფოებრიობისა და მისი საზოგადოებისადმი, საქართველოს ეკლესიის მრავალსაუკუნოვანი მზუნველობის ახალი გამოვლინებაა ჩვენს ეპოქაში.

ილია წინასწარმეტყველის ლოცვით ზეციდან გარდამოსულმა ცეცხლმა მსხვერპლი შეიწირა. საოცარია მის მიერ აღსრულებული სასწაულები და მისი ლოცვის ძალა, რომელსაც სტიქიებიც ემორჩილებიან. ლოცვა ადამიანისათვის ყველაზე რთული ღვაწლია და თქვენ მუდამ გვაძლევთ დაუღალავი ლოცვითი მსახურების მაგალითს. ამის ერთ-ერთი გამოვლინებაა თქვენს მიერ შვიდგზის ლოცვების დადგინება, რომელიც ხალხმა ასე შეიყვარა. ვისაც თქვენთან  ურთიერთობა ჰქონია, თქვენ მათ ღმერთის შეცნობის შესაძლებლობა მიეცით და უფლის სიყვარულისა და ცოცხალი სარწმუნოების მაგალითი აჩვენეთ.

ილია წინასწარმეტყველი კერპთა დამამხობელი და ადამიანთა ჭეშმარიტ სარწმუნოებაში მომყვანი იყო. დღესაც მრავალი გამოწვევის წინაშე დგას ჩვენი საზოგადოება, ვინაიდან ყველა დრო თავისებურად ცდილობს ყალბი მიზნებითა და იდეალებით ჭეშმარიტი ღმერთის ჩანაცვლებას. თქვენი ლოცვითაც  მრავალი კერპი და ცრუ იდეოლოგია დაემხო, რომელიც ადამიანს ღმერთს განაშორებს. თქვენი დიდი შრომის შედეგად საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ყველა სატკივარის სადარაჯოზეა, რომელიც ქვეყანას აწუხებს. თქვენ, როგორც ერის მზრუნველი მამა თამამად იმაღლებთ ხმას ტრადიციული ღირებულებების დასაცავად და თქვენს სამწყსოს, თანამედროვე ცხოვრების გამოწვევების წინაშე, ყოველთვის აქვს თქვენი გამოცდილებისა და სიბრძნის იმედი.

თქვენი მზრუნველობის საგანი მუდამ არის დაპირისპირებულ მხარეთა შერიგება, მშვიდობისმყოფელობა და ერთსულოვნების შენარჩუნება, ვინაიდან თავად ბრძანდებით მშვიდობისა და სიმშვიდის მაგალითი და პავლე მოციქულის მსგავსად, მუდამ შეაგონებთ ეკლესიის შვილებს, რათა განეშორონ ,,მათგან, რომელნი იგი წვალებასა და საცდურსა იქმან გარეშე მის მოძღვრებისა” რომელი გვისწავიეს უფლისა ჩვენისა იესო ქრისტე მიერ (რომ. 16:17). თქვენ მუდამ გვახსენებთ უფლის სიტყვებს „მშვიდ ვარ და მდაბალ გულითა“(მთ.11,29), ამიტომაც განსაკუთრებულია თქვენი მამათმთავრული მსახურება და შეიძლება ითქვას, რომ იგი „სულითა და ძალითა ელიასითა“ (ლკ. 1, 17) აღესრულება.

ყოველივე ამის გამო თქვენ დამსახურებულად მოიპოვეთ ქართველი ხალხის სიყვარული და ნდობა. თქვენ ასევე გისმენენ და ანგარიშს გიწევენ მთელს მსოფლიოში, ვინაიდან თქვენი საეკლესიო და საზოგადოებრივი მსახურება შორს გასცდა ჩვენი ქვეყნის საზღვრებს.

რთულია თქვენს მიერ ეკლესიისა და ერის წინაშე გაწეული ღვაწლის ჯეროვნად შეფასება. დიდი ისტორიული მნიშვნელობის მოვლენა იყო საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის უძველესი დროიდან არსებული ავტოკეფალიის აღიარების მოპოვება. თქვენი მზრუნველობის შედეგად გამრავლდა ეპარქიებისა და მღვდელმთავრების რიცხვი, მათ შორის საზღვარგარეთ დაარსებული ეპარქიების რიცხვი, რაც უცხოეთში მცხოვრებ ქართველებზე თქვენი ზრუნვის გამოვლინებაა; გამრავლდა სამღვდელო და  სამონაზვნო დასი, აიგო წმინდა სამების შესანიშნავი საკათედრო ტაძარი, აშენდა და აღდგა მრავალი ეკლესია-მონასტერი; სრულიად ახალ სიმაღლეზე ავიდა სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის ურთიერთობა, რისი დასტურიც არის საკონსტიტუციო შეთანხმების გაფორმება, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვდომილობის სახელმწიფო დღესასწაულად გამოცხადება და მრავალი სხვა. განსაკუთრებულია თქვენი ღვაწლი საგანმანათლებლო სფეროში, ამ მხრივ აღსანიშნავია სასულიერო სემინარიისა და აკადემიის გახსნა, საპატრიარქოს უნივერსიტეტის დაარსება, საეკლესიო სკოლა-გიმნაზიების ამოქმედება და ა. შ. დაუსრულებლად შეიძლება საუბარი თქვენს მამობრივ მზრუნველობაზე სხვადასხვა საეკლესიო თუ საერო სფეროს მიმართ, ქართულ მეცნიერებაზე, ხელოვნებაზე, ქართული გალობის აღორძინებაზე, საგამომცემლო საქმეზე, სამხედრო უწყებებში მომსახურეებზე, ახალგაზრდებზე, შვილგარდაცვლილ დედებზე, მისიონერულ, თუ სოციალურ მსახურებაზე.

თქვენო უწმინდესობავ და უნეტარესობავ, დღეს, როდესაც  საქართველოს ეკლესია თქვენი ანგელოზის დღეს ზეიმობს, ჩვენც ვუერთდებით მილიონობით მორწმუნის სიხარულს. ქედს ვიხრით თქვენი ღვაწლის წინაშე და მადლობას გიხდით ყველა იმ სიკეთის გამო, რაც თქვენგან მიგვიღია. შვილებრივი სიყვარულით გისურვებთ სულიერ სიმხნევესა და სიხარულს, ჯანმრთელობასა და დღეგრძელობას, ღმრთისა და ერის წინაშე თქვენს დაუღალავ მსახურებაში ყოვლადწმინდა სამებისა და დედა ღვთისმშობლის შემწეობას! 

ღმერთმა ინებოს თქვენი სიცოცხლე მრავალსა წელსა, მრავალჟამიერ! ამინ!                                                                               

                                                                            მიტრ. შიო (მუჯირი). ილიაობა 2019.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება (28.07.2019)

29 июля, 2019 - 12:43

ჩვენთან არს ღმერთი

დიდება და მადლობა უფალს! 

ჩვენ ხშირად გვავიწყდება მადლობის შეწირვა. როცა ვლოცულობთ, უპირველეს ყოვლისა, ვთხოვთ ხოლმე უფალს ჩვენი გაჭირვებისა გამო და გვავიწყდება მადლობის გადახდა. წყალობა კი უფლისა მუდმივად ეფინება ქვეყანას, მთელს მსოფლიოს. 

მე მინდა გავიხსენო დღეს ერთი ლოცვა, რომელიც ჩვენ შევიყვარეთ, – ,,დავიღალე, დავიღალე, მოდი ჩემთან უფალო!” 

ეს ლოცვა წარმოიშვა ორთაჭალის  წმ. ნიკოლოზის ეკლესიაში, როცა კომუნისტების დროს იქ ჩვენი ბიბლიოთეკა იყო. ნიკოლოზობას საღამოს მივდიოდით ხოლმე თითქოს წიგნების წასაკითხად(მაშინ ამ ტაძარში მსახურება აკრძალული გვქონდა), სინამდვილეში ჩვენ პარაკლისს ვასრულებდით და ერთ-ერთი პარაკლისის დროს თითქოს მიკარნახა უფალმა – ,,დავიღალე, დავიღალე მოდი ჩემთან უფალო” და იმის შემდეგ ჩვენ ვგალობთ ამას. ეხლა ყველამ ერთად ვიგალობოთ ,,დავიღალე, დავიღალე, მოდი ჩემთან, უფალო.”

მთელი კაცობრიობა დაღლილია, მაგრამ წყალობა ღვთისა აღემატება ამ დაღლილობას.

დავიღალე, დავიღალე მოდი ჩემთან უფალო

დავიღალე, დავიღალე მოდი ჩემთან უფალო

დავიღალე, დავიღალე მოდი ჩემთან უფალო

უფალი ჩვენთანაა!

ჩვენთან არს ღმერთი!

დალოცვილი და გახარებული იყავით. ნუ შეგეშენდებათ დაღლილობის. უფალი განსაცდელს უგზავნის კაცობრიობას, თითოეულ ჩვენგანს, მაგრამ სიხარულს და ძალასაც აძლევს. დალოცვილი იყავით თქვენ და საქართველო და მთელი მსოფლიო. 

ჩვენთან არს ღმერთი!

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის არქიმანდრიტი დედოფალ ელისაბედ II-ის მიერ გამართულ საზეიმო მიღებას დაესწრო

22 июля, 2019 - 17:05

ა.წ. 25 ივნისს საქართველოს საპატრიარქოს დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ეპარქიის მღვდელმსახური, არქიმანდრიტი დოროთე (ბარბაქაძე) მისი აღმატებულება, დედოფალ ელისაბედ II-ის მიერ ბუკინგემის სასახლეში გამართულ მიღებას დაესწრო. 

აღნიშნული ღონისძიება საზოგადოებრივი გაერთიანებების განმტკიცებაში ადგილობრივი რელიგიური ჯგუფების მიერ შეტანილი წვლილის აღსანიშნავად ჩატარდა.

სრულიად საქართველოს-კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება (21.07.2019)

22 июля, 2019 - 15:44

ძალიან ხშირად ტაძარში ლოცვის დროს გვესმის სიტყვები: ,,შეგვეწიენ, გვაცხოვნენ, შეგვიწყალენ და დავიცვენ ჩვენ ღმერთო, შენითა მადლითა”. მახსენდება ჩემი სემინარიასა და აკადემიაში სწავლის პერიოდი. ლექტორი გვეუბნებოდა ჩვენ, რომ როცა ტაძარში მოისმენთ ამ ლოცვას (შეგვეწიენ, გვაცხოვნენ, შეგვიწყალენ და დაგვიცევ ჩვენ ღმერთო შენითა მადლითა), აუცილებლად პირჯვარი უნდა გადაიწეროთ და თქვენც ილოცოთ, რომ შეგეხოთ ეს მადლი, ღვთისაგან გამოსული. ბოლომდე ადამიანი ვერ ახსნის, რა არის ეს, მაგრამ ის კი ვიცით, რომ ღვთისაგან მომდინარეობს. 

როცა ეკურთხება დიაკონი, მღვდელი ან ეპისკოპოსი, პატრიარქი ამბობს:  (გარდამოვიდეს) ,,მადლი ღვთისა, უძლურთა მკურნალი და ნაკლულევანთა აღმავსებელი” ე.ი ჩვენი უძლურების მკურნალია მადლი ღვთისა და ნაკლის აღმავსებელი. ეს არის დიდი ძალა, რომელიც აუცილებელია ყოველი ადამიანისათვის. 

ჩვენს გულში, სულსა და გონებაში უნდა გვქონდეს ეს მადლი.  

მე მახსენდება ერთი ებრაელი მოხუცებული კაცი, რომელიც ამბობდა: თუ შენ დაკარგე სიმდიდრე, იცოდე, არაფერი დაგიკარგავს, თუ დაკარგე ჯანმრთელობა, შეიძლება შენ ცოცხალი დარჩე, მაგრამ იყო ავადმყოფი, მაგრამ თუ დაკარგე მადლი ღვთისა, ყველაფერი დაგიკარგავსო. 

ღმერთმა დაგვიფაროს ჩვენ ამისგან, ღმერთმა ინებოს, რომ არ დავკარგოთ მადლი ღვთისა. 

დალოცვილი იყავით. გახარებული იყავით. ვინც მოიპოვებს მადლსა ღვთისასა, ის მოიპოვებს სიყვარულს, ის მოიპოვებს სიხარულს. ასე ერთმანეთზე დამოკიდებულია ყველაფერი სულიერ ცხოვრებაში. დალოცვილი იყავით. მადლმა ღვთისამ არასოდეს დაგტოვოთ თქვენ და საქართველო.

ჩვენთან არს ღმერთი!

გაზეთ „საპატრიარქოს უწყებანის“ სარედაქციო კოლეგიის განცხადება (19.07.2019)

19 июля, 2019 - 20:25

„საპატრიარქოს უწყებანის“ სარედაქციო კოლეგია გაცნობებთ, რომ ზაფხულის არდადეგების გამო დროებით შეწყდა გაზეთის ბეჭდვა.  

მუშაობა კვლავ განახლდება სექტემბერში, ინდიქტიონის დაწყებიდან.

 

59-ე საყოველთაო ნათლობა სამების საკათედრო ტაძარში

14 июля, 2019 - 22:10

 

ა.წ. 14 ივლისს ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში ჩვილთა 59-ე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა. ამჯერად მისი უწმინდესობის ნათლული 560  ბავშვი გახდა.

დღეისთვის სრულიად საქართველოს-კათოლიკოს პატრიარქს 39000-ზე მეტი ნათლული ჰყავს.


 

 

 

 

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება 12 მოციქულის (სვეტიცხოვლობის) დღესასწაულზე (13.07.2019)

13 июля, 2019 - 19:56

სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა

ჩვენთან არს ღმერთი

დღეს არის განსაკუთრებული დღე, 12 მოციქულის დღესასწაული. თქვენ მოისმინეთ მნიშვნელობა, რამდენად დიდია ღვაწლი 12 მოციქულისა. 

ყოველი მოციქული იყო არამარტო ღვთის გაგზავნილი მოციქული, არამედ მახარებელიც, სიხარულის მაუწყებელი. მე მახსენდება ერთი წიგნი, სადაც მოთხრობილია ომისდროინდელი ამბავი. სკოლაში მოწყობილი იყო საავადმყოფო დაჭრილი ჯარისკაცებისთვის და ერთი პატარა ბიჭი, 12-14 წლისა, მიდიოდა მათთან და შორიდან უყვიროდა ჯარისკაცებს: შენ მალე მორჩები, შენ განიკურნები, შენ დაუბრუნდები შენს მშობლებს, შენს ოჯახს. ამ ბიჭს დაარქვეს ,,მახარობელი”. როცა რაღაც პერიოდი არ გამოჩნდებოდა, წუხდნენ დაჭრილები, – სად არის, სად დაიკარგა ჩვენი მახარობელიო. 

მე მინდა ლოცვა-კურთხევა მოგცეთ მთელს საქართველოს, რომ ყოველი ჩვენთაგანი იყოს სიხარულის მაუწყებელი, მახარობელი სხვისთვის. ცუდი სიტყვა კი არ მიაგოს ადამიანს, არამედ სასიხარულო ამბავი უთხრას. ასე რომ, ეს არის ლოცვა-კურთხევა თქვენთვის და მთელი საქართველოსთვის, რომ ყოველი ჩვენთაგანი იყოს მახარობელი.

ჩვენ ბედნიერი ვართ, რომ უამრავი ადამიანი ესწრება დღეს წირვა-ლოცვას. ბედნიერი ვართ, რომ ქალბატონი პრეზიდენტი მობრძანდა. ჩვენ ვულოცავთ მას დღესასწაულს, ღმერთმა ძალა მისცეს და მადლი თავისი დიდი მისიის აღსასრულებლად.

ყველას კიდევ ერთხელ გილოცავთ სვეტიცხოვლობას. არ დაგავიწყდეთ დავალება. იცოდეთ, ჩვენ თუ ვიქნებით მახარობელი, სხვებიც სიხარულს მოგვიტანენ.

ჩვენთან არს ღმერთი!

გილოცავთ სვეტიცხოვლობას!

12 июля, 2019 - 18:28

13 ივლისს აღინიშნება 12 მოციქულის ხსენების დღე. შევნიშნავთ, რომ სვეტიცხოვლის წმინდა ტაძარი 12 მოციქულის სახელზეა აგებული და ამიტომაც 13 ივლისის დღესასწაული სვეტიცხოვლობადაც იწოდება. 

13 ივლისს მისი უწმინდესობა და უნეტარესობა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად საღმრთო ლიტურღიას აღავლენს სვეტიცხოვლის ტაძარში. წირვა დაიწყება 10:00 საათზე. ყველა მსურველს საშვის გარეშე შეეძლება გადაადგილება და დღესასწაულში მონაწილეობის მიღება. 

სვეტიცხოვლის მიმართულებით უფასო ავტობუსები  გავა საქართველოს საპატრიარქოს მიმდებარე ტერიტორიიდან დილით, 08:30სთ-ზე.

საქართველოს საპატრიარქოს განცხადება (12.07.2019)

12 июля, 2019 - 17:48
ა.წ. 9 ივლისს რუსეთის პრეზიდენტის, ბატონ ვლადიმერ პუტინის მიერ აფხაზეთთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით არც თუ ისე შორეული წარსულის არასწორმა ინტერპრეტაციამ ჩვენს ხალხში მკვეთრად უარყოფითი რეაქცია გამოიწვია. ამგვარი დამახინჯება ისტორიული ფაქტებისა, არსებული კონფლიქტების გაღრმავებას უწყობს ხელს.   მიგვაჩნია, რომ აღნიშნული განცხადება ერთგვარ გამოწვევად უნდა იქცეს საქართველოს სახელმწიფოს, ქართველი მეცნიერებისა და თითოეული ჩვენგანისათვის და განხორციელდეს სწრაფი რეაგირება, რათა, როგორც ჩვენი ქვეყნის ზოგადი ისტორიის, ისე მისი ცალკეული ეტაპების შესახებ არსებული სამეცნიერო გამოკვლევები და პოპულარული ენით დაწერილი მასალაც მსოფლიოში გასავრცელებლად კვალიფიციურად შეირჩეს და დროულად ითარგმნოს ინგლისურ, რუსულ და სხვა უცხო ენებზე.   ამ პროცესში კი ყველას შეუძლია მონაწილეობის მიღება. ასევე, აუცილებელია დაინტერესებულ მხარეებთან დისკუსიები პრობლემურ საკითხებზე.   საქართველოს საპატრიარქო მზად არის, ისტორიულ რეალობებზე მსჯელობისათვის კონფერენციებისა და შეხვედრების მოწყობაში ყველა მხარეს შეუწყოს ხელი.    

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება პეტრე-პავლობის დღესასწაულზე (12.07.2019)

12 июля, 2019 - 17:00

სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა

ჩვენთან არს ღმერთი!

გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს, – პეტრე-პავლობას. პეტრე და პავლე მოციქული არიან მფარველნი მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიისა. ტროპარი, რომელიც იგალობება, ძალიან მოკლეა, ჩვენ ეხლა ერთად ვიგალობოთ.

,,მოციქულთა თავნო და ყოვლისა სოფლისა მოძღვარნო, მაცხოვარსა ყოველთასა ევედრენით, რათა მოსცეს სოფელსა მშვიდობა და სულთა ჩვენთა დიდი წყალობა.”

არ მოგაკლოთ ღმერთმა წყალობა და კურთხევა წმინდათა მოციქულთა. შემთხვევითი არ არის ის ფაქტი, რომ პირველი ეკლესია სვეტიცხოველში თორმეტი მოციქულის სახელზე აშენდა. მსოფლიო საპატრიარქოშიც ასევე პირველი ეკლესია აშენდა 12 მოციქულის სახელზე.

ყოველი ადამიანი ამ ქვეყნად გარკვეული მისიით, გარკვეული დავალებით მოდის. წმ. პეტრე და პავლე მოვიდნენ, რათა იყვნენ სვეტნი ეკლესიისა, მოძღვარნი ეკლესიისა და სულთა ჩვენთათვის დიდი წყალობის მომნიჭებელნი.

ძალიან მძიმე ზეწოლის ქვეშ ხდებოდა მათი მოღვაწეობა. ეს იმდენად მძიმე იყო, რომ პეტრე შეშინდა და უარყო ქრისტე. პავლე მოციქულიც ასევე დიდი მოღვაწე და მქადაგებელი იყო. ისინი გამორჩეულნი იყვნენ და მოციქულებმა გადაწყვიტეს, რომ მათი დღესასწაული ერთად აღნიშნულიყო.

მე მაქვს წაკითხული ერთი ისტორია, ოჯახის ისტორია. მეუღლე, ცოლი, ეხვეწება ქმარსა, რომ მე მინდა უფრო ახლოს ვიყო შენთან, შენი ერთგული ვიყო და დამიწერე რა ნაკლი მაქვს მე, რომ გამოვსწორდეო. მთელი ღამე ქმარი ფიქრობდა, ვერ დაიძინა, დილით კი ეუბნება, – ვერაფერი ვერ ვნახე შენში ნაკლი, მე მიყვარხარ ისეთი, როგორიც შენ ხარო. აი, ეს არის სიყვარული.

მინდა გირჩიოთ ყველას, რომ გიყვარდეთ ერთმანეთი, გიყვარდეთ ოჯახი, გიყვარდეთ მეუღლე და შვილები. ეს დიდი მადლია, დიდი ძალაა. თუმცა არიან ადამიანები, რომელნიც კეთილ თვისებებს კი არა, ნაკლს ეძებენ სსხვა პიროვნებებში. თითოეულმა ჩვენგანმა სინამდვილეში თავის თავში უნდა მონახოს ნაკლი და თავისი თავიდან უნდა დაიწყოს გამოსწორება. 

დღეს არის პეტრე-პავლობის დღესასწაული და ხვალ არის სვეტიცხოვლობა, 12 მოციქულის დღესასწაული, სვეტიცხოველში, მცხეთაში, ლოცვა დაიწყება დღეს 19:00 საათზე. დიდმა ჯგუფმა ჩვენი მორწმუნე ადამიანებისა, გამოიარეს წმინდა ნინოს გზა და ჩვენ შევხვდებით მათ სვეტიცხოველში. 

წმინდა ნინოს და მოციქულების მადლი შეგეწიოთ თქვენ და საქართველოს, მთელს მსოფლიოს!

დღეს ვლოცავთ მგალობლიშვილების გვარს, დალოცვილი იყავით, გიხაროდეთ! იხარეთ ორსავ სოფელსა შინა! გამრავლდით! სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისათა სულისათა!

ჩვენთან არს ღმერთი.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება (07.07.2019)

8 июля, 2019 - 16:26

ჩვენთან არს ღმერთი!

გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს, – წმინდა იოანე ნათლისმცემლის დაბადების დღეს. მისი ლოცვა, მისი კურთხევა გფარავდეთ თქვენ.

წმ.იოანე ნათლისმცემლის მშობლები, როგორც თქვენ იცით, იყვნენ უშვილოები და როცა ერთერთი მსახურების დროს მისი მამა, ზაქარია, ასრულებდა მღვდელმსახურებას, მას გამოეცხადა ანგელოზი და უთხრა, შენ გეყოლება შვილი და დაარქმევ სახელსა იოანეს. ზაქარია და ელისაბედი მოხუცებულნი იყვნენ და ვერ დაიჯერა, რომ მას ეყოლებოდა შვილი. ამის გამო იგი დაისაჯა და დაკარგა მეტყველება. მართლაც, მოხდა სასწაული, ეყოლათ შვილი და დაარქვეს სახელად იოანე. ესეც ღვთის მითითებით სასწაულებრივად მოხდა.

თქვენ იცით, როცა იოანე ნათლისმცემელი ნათლავდა ხალხს იორდანეში, გამოჩნდა უფალი იესო ქრისტე და იოანემ იწინასწარმეტყველა: ,,აჰა კრავი ღვთისა, აღმღებელი ცოდვათა სოფლისათა“.

წმინდა იოანე ნათლისმცემელი არის სინანულის მქადაგებელი. ყოველი ადამიანი უნდა იყოს მისი მფარველობის ქვეშ.

ჩვენც შევთხოვთ უფალს, რომ წმინდა იოანე ნათლისმცემელი იყოს ჩვენი მფარველი და შეგვაძლებინოს, სწორად განვლოთ ცხოვრების გზა, რაც არც ისე იოლია. მრავალი დაბრკოლება ხვდება ადამიანს თავის გზაზე და ამ დროს მას სჭირდება დახმარება, სულიერი შეწევნა. წმინდა იოანე ნათლისმცემელი არის დიდი შემწე. შეგეწიოთ იგი თქვენ და საქართველოს. ჩვენთან არს ღმერთი!

ჩვენ გვყავს სასულიერო პირები, რომელნიც უნდა დავაჯილდოვოთ.

იღუმენი ღვთისავარი (გობეჯიშვილი) აღყვანილია არქიმანდრიტის ხარისხში. აქსიოს!

მონოზონი ბარბარე (კაცაძე) აღყვანილია იღუმენიას ხარისხში. აქსიოს!

დღეს ილოცება გოდუაძეების გვარიც.

ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ გაგაძლიეროთ. სახელითა მამისათა და ძისათა დაწმინდისა სულისათა.

პარასკევს არის პეტრე-პავლობის დღესასწაული. ხუთშაბათს საღამოს და პარასკევს წირვა-ლოცვა იქნება აქ, ამ წმინდა ტაძარში და შაბათს არის სვეტიცხოვლობა, 12 მოციქულის დღესასწაული. წირვა-ლოცვა შესრულდება სვეტიცხოვლის ტაძარში. მრავალს დაესწარით.

Statement Made by the Patriarchate of Georgia (07.07.2019)

8 июля, 2019 - 14:49

The announcement made in the social media by the organizers of “Tbilisi Pride” concerning the so called “Pride March” as a still intended event, has caused disquietude and annoyance among the general public. There always existed people with sodomy as their lifestyle and their living among our society never caused sharp controversy, but any propaganda of this perversion has always been inadmissible. That is the reason why the engagement of the LGBT representatives in the meeting on Rustaveli avenue did not involve any expression of public intolerance. This fact once again emphasizes, that they are not restricted in their rights. But when these groups disregard the absolute majority of the people and they propagate their “values”, it naturally causes great irritation and is perceived as a deliberate attempt to create a civil tension.

Most of our population, knowing the experience of other countries, consider that the activity of the so called “Pride” is not an isolated event, but one of the stages of a long-term strategy, aimed at the legalizing of the same sex “marriage” and the right to child adoption.

We have iterated many times and now also we declare that the Church of Georgia distances herself form any form of violence from whomever it should be escalated. In addition, we believe that the so-called organizers and supporters of the “Pride Parade” should be held responsible for the aftermath of the event. We hope that the Government will make such steps that will ensure public peace. We implore God for His support that our people peacefully overcome this adversity.   

Страницы