Грузинская Православная Церковь

Подписка на Лента Грузинская Православная Церковь
საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური წმინდა მართლმადიდებელი ეკლესია
URL-адрес: http://patriarchate.ge
Обновлено: 4 мин. 2 сек. назад

საბუთების მიღება 62-ე ნათლობისათვის

24 декабря, 2019 - 13:13

იწყება 62-ე ეტაპი ახალდაბადებული მესამე და შემდგომი ბავშვის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მიერ მონათვლისა.

ნათლობის მსურველთა რეგისტრაცია იწარმოებს საქართველოს საპატრიარქოში 26 დეკემბრიდან 30 დეკემბრის ჩათვლით 12:00-დან 16:00 საათამდე.

რეგისტრაციის მსურველებმა თან უნდა იქონიონ:

მშობლების პირადობის მოწმობების ასლები;

მშობლების ჯვრისწერისა და ქორწინების მოწმობების ასლები;

შვილების დაბადებისა და ნათლობის მოწმობების ასლები;

მოსანათლის 2 ფოტო 3X4-ზე დაბეჭდილი CD დისკით;

ოჯახის 1 ფოტო 10×15-ზე დაბეჭდილი CD დისკით.

საკონტაქტო ტელეფონები: 593 900 810; 558 651 159; 593 464 571

საქართველოს საპატრიარქოში აზარტული თამაშების წინააღმდეგ შეხვედრა ჩატარდა

23 декабря, 2019 - 15:59

ა.წ. 20 დეკემბერს საქართველოს საპატრიარქოში აზარტულ თამაშებთან დაკავშირებით შეხვედრა ჩატარდა. ღონისძიება საქართველოს საპატრიარქოსა და გაეროს ბავშვთა ფონდის ინიციატივით (UNISEF) გაიმართა და მასში მონაწილეობდნენ საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ოფიციალური წარმომადგენელი, დოქტორი ღასან ხალილი, პარლამენტის წევრები, დარგის სპეციალისტები, ფსიქოლოგები და დაინტერესებული პირები.

განხილულ იქნა ის პრობლემური საკითხები, რომელთა წინაშეც აზარტულ თამაშებზე დამოკიდებული პირები და მათი ოჯახის წევრები მუდმივად იმყოფებიან. ყველა დათანხმდა იმ აზრს, რომ ქვეყანაში არსებული საგანგაშო მდგომარეობის გამო აუცილებელია ქმედითი ნაბიჯების გადადგმა და საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება ნიკოლოზობის დღესასწაულზე (19.12.2019)

19 декабря, 2019 - 15:40

ჩვენთან არს ღმერთი

გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს, – ნიკოლოზობას. წმინდა ნიკოლოზი გამორჩეული წმინდანია წმინდათა შორის და მას ეწოდება სწრაფად შემწე. სწრაფად შეგეწიოთ თქვენ წმინდა ნიკოლოზი, საქართველოს და მთელს მსოფლიოს, ყოველ გაჭირვებულ ადამიანს.

წმინდა ნიკოლოზი არის მფარველი საქართველოს ეკლესიისა და ჩვენი ქვეყნისა. ამიტომ წმინდა ნიკოლოზს ვუწოდეთ ჩვენ ყოველთა ქართველთა დიდი კათოლიკოს-პატრიარქი.

მე მინდა შეგახსენოთ თქვენ, რომ გაჭირვებაშია კაცობრიობა. ძალიან ხშირი შემთხევაა, როცა ჰკარგავს ადამიანი იმედს და თავს იკლავენ. ეს ხდება მთელს მსოფლიოში და მათ შორის საქართველოში. შევთხოვთ წმინდა ნიკოლოზს, რომ შეეწიოს ყოველ გაჭირვებულ ადამიანს. ღმერთი იყოს მფარველი ჩვენი.

ჩვენთან არს ღმერთი!

დღეს ჩვენ ვაჯილდოებთ დეკანოზ მაქსიმე ჭანტურიას მიტრის ტარების უფლებით. აქსიოს!
წმინდა ნიკოლოზმა დაგლოცოთ თქვენ და ყოველი ადამიანი, განსაკუთრებით გაჭირვებული ადამიანი.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს და პროექტის ,,უფროს ახლოს ერთმანეთთან“ მონაწილეებს შეხვდა

18 декабря, 2019 - 16:18

ა.წ. 16 დეკემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს, ბ-ნ რუსლან აბაშიძეს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრს ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში ბ-ნ დავით ფაცაციას და პროექტ ,,ქართულ-აფხაზური საგას“ დამფუძნებლებს შეხვდა.

მიღებას ასევე ესწრებოდნენ ცნობილი აფხაზი მეცნიერის – ფერიდე აცანბას ოჯახის წევრები, სოფელ ფერიის სკოლის დირექტორი, ამავე სკოლის აფხაზი მოსწავლეები და სხვა პირები.

შეხვედრაზე ითქვა თუ როგორი დიდია მისი უწმინდესობის როლი ქართულ-აფხაზური ურთიერთობების დათბობაში და სახალხო დიპლომატიის გააქტიურებაში. აღინიშნა ისიც, რომ პროექტის, – „უფრო ახლოს ერთმანეთთან“ მიზანია ქართველი და აფხაზი საზოგადოების წარმომადგენლების შეხვედრების გააქტიურება, ნდობის აღდგენის, შერიგების და სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობა, ასევე ქართულ-აფხაზური კულტურული ურთიერთობების მხარდაჭერა.

ღონისძიებაზე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერიაში მცხოვრებმა  ქართველმა  და აფხაზმა ახალგაზრდებმა აფხაზურ ენაზე ლიტერატურული პერფორმანსი წარმოადგინეს და შეასრულეს აფხაზური ფოლკლორული სიმღერები. მოსწავლეებმა ქართულად და აფხაზურად წაიკითხეს ფრაგმენტები ,,ვეფხისტყაოსნიდან“ და ნოდარ დუმბაძის ,,მარადისობის კანონიდან“.

მისმა უწმინდესობამ დალოცა სტუმრები და ბრძანა: ,,ჩვენ ვცხოვრობთ რთულ დროს, ამიტომ ჩვენ უნდა გვესმოდეს ერთმანეთის. ჩვენ უნდა ვისწავლოთ ერთმანეთისგან. დალოცვილი იყავით და გაიხარეთ. ბედნიერი შობა-ახალი წელი გქონდეთ თქვენ და საქართველოს და მსოფლიოს!“

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მსოფლიო ჩემპიონი ლევან საგინაშვილი დალოცა

16 декабря, 2019 - 15:26

ა.წ. 14 დეკემბერს მკლავჭიდში მსოფლიო ჩემპიონი ლევან საგინაშვილი, მისი ოჯახის წევრები და მეგობრები სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს შეხვდნენ.

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ ქართველმა მკლავჭიდელმა ყველაზე პრესტიჟული – მსოფლიოს ტოპ 8 მკლავჭიდელის ტურნირი მოიგო, რაც ჩვენი ქვეყნის ისტორიაში პირველი შემთხვევაა.

მისმა უწმინდესობამ ლევან საგინაშვილს გამარჯვება მიულოცა, დიდი სიყვარულით დალოცა და მასაც და მის თანმხლებთაც შემდგომი წარმატებები უსურვა.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება (15.12.2019)

16 декабря, 2019 - 11:45

ჩვენთან არს ღმერთი!

შეგახსენებთ, რომ სამშაბათს არის დღესასწაული წმინდა ბარბარესი, ბარბარობაა და ხუთშაბათს არის ნიკოლოზობა. ნიკოლოზობას ჩვენ შევასრულებთ აქ წირვას. მრავალს დაესწარით.

დღეს დასალოცად მობრძანებულები არიან ორი გვარი: მამფორიები და არდიები.  ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, გაგამრავლოთ!

დღეს ჯილდოვდებიან მოძღვრები: დეკანოზი დავითი ჭანტურია დაჯილდოებულია მეორე ჯვრის ტარების უფლებით. აქსიოს!

დეკანოზი ლევანი ვარსიმაშვილი დაჯილდოებულია მეორე ჯვრის ტარების უფლებით. აქსიოს!

ღმერთმა მშვიდობა მოგცეთ თქვენ და სრულიად საქართველოს.

ჩვენთან არს ღმერთი!

მისმა უწმინდესობამ წირვაზე განსაკუთრებულად მოიხსენია ცხინვალის იზოლატორში მყოფი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი და უძლურებაში მყოფი 2 წლის ანიტა.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება (13.12.2019)

13 декабря, 2019 - 16:04

ჩვენთან არს ღმერთი

გილოცავთ ამ ბედნიერ დღეს. დღეს არის დიდი დღესასწაული. დღე-ღამის განმავლობაში შესრულდა 6 წირვა. წირვის მადლი შეგეწიოთ თქვენ და საქართველოს.

დღეს არის ხსენება წმინდისა მოციქულისა, – ანდრია პირველწოდებულისა; იგი ჩვენი განმანათლებელია, ჩვენი მომქცევია. მან მოაქცია, იქადაგა პირველად სახარება საქართველოში და მოაბრძანა ხელთუქმნელი ხატი ყოვლადწმინდისა ღვთისმშობლისა.

დღეს არის ხსენება ჩვენი საყვარელი მეფისა, – ვახტანგ გორგასალისა. განსაკუთრებული ადგილი უკავია ვახტანგ გორგასალს საქართველოს ისტორიაში. თქვენ იცით, რომ ვახტანგ გორგასლის თხოვნით, მისი შუამდგომლობით ანტიოქიის პატრიარქმა უბოძა საქართველოს ეკლესიის მეთაურს კათალიკოსის წოდება. ეს მხოლოდ ანტიოქიის პატრიარქს შეეძლო. სიტყვა ,,კათოლიკოსი წარმოსდგება ბერძნული სიტყვისაგან ,,კათოლ“ – საყოველთაო. ამიტომაც სადაც არ უნდა იყოს ქართვველი ადამიანი, ის ეკუთვნის საქართველოს ეკლესიას და სულიერად ემორჩილება საქართველოს პატრიარქს (თუ ამის სურვილი აქვს).

იყო ასეთი კანონისტი, – ბალსამონი, იგი XI საუკუნეში ცხოვრობდა და გახდა პატრიარქი ანტიოქიისა. ბალსამონი წერს, რომ საქართველოს ეკლესიას ნეტარი პეტრეს დროს მიენიჭა ავტოკეფალია, დამოუკიდებლობა.

ჩვენ დიდი ბრძოლა დაგვჭირდა იმის დასამტკიცებლად, რომელ პეტრეზე იყო საუბარი. ზოგიერთი ამბობდა, რომ იგი ეკუთვნის XI საუკუნეს და არა V-ს. ბალსამონი ამბობს, ,,ამბობენო, რომ ნეტარი პეტრეს დროს საქართველოს და კვიპროსს მიენიჭა ავტოკეფალია.“ აი ეს სიტყვა – ,,ამბობენ“ მეტყველებს იმაზე, რომ ეს შორეულ წარსულში იყო, XI საუკუნეში კი არა V საუკუნეში ვახტანგ გორგასალის დროს.

ვახტანგ გორგასალმა 2 წარმომადგენელი გაგზავნა ანტიოქიაში, პირველად აკურთხეს პეტრე და იმის შემდეგ იყო მეორე, – სამუელი, მეორე კათოლიკოსი. დღეს ჩვენ თაყვანსა ვცსემთ მათ ღვაწლსა, მათ შრომას, მათ მოღვაწეობას.

დიდება შენდა ღმერთო, მადლობა შენდა ღმერთო.

საქართველო რომ არ ყოფილიყო დამოიკუდებელი, ავტოკეფალური, ჩვენ არ ვიცი ვინ ვიქნებოდით. ამან იქონია დიდი გავლენა, დიდი ძალა. განვითარდა ქართული ენა, ქართული მწერლობა, კულტურა და ეს ყველაფერი დაიწყო პირველი საუკუნიდან – მოციქული ანდრია პირველწოდებულის დროიდან. IV საუკუნეში ქრისტიანობა გახდა სახელმწიფო რელიგია. და V საუკუნეში ეკლესია გახდა ავტოკეფალური, დამოუკიდებელი.

თქვენ გახსოვთ, ჩვენ დიდი ძალისხმევა დაგვჭირდა მსოფლიო საპატრიარქოსთან ამის შესახებ და მადლობა უფალს, რომ უწმინდესი დიმიტრიოსის ღვაწლით(დიმიტრიოსი იყო ეხლანდელი მსოფლიო პატრიარქის წინ), მისი მადლით, მისი მითითებითა და ბრძანებით, სცნეს ავტოკეფალია და პატრიარქის წოდება.

დღეს ჩვენ თაყვანსა ვსცემთ მათ შრომას, მათ ღვაწლს და იმათი ლოცვა-კურთხევა შეგეწიოთ თქვენ, შეეწიოს საქართველოს. იმათი ლოცვა-კურთხევა გვფარვიდეს ჩვენ. რთული დროა, მაგრამ წყალობა ღვთისა, როგორც ამბობს დავით წინასწარმეტყველი, ,,წყალობა ღვთისა თანამავალ მეყავნ მე ყოველთა დღეთა ცხოვრებისა ჩემისათა.

შეგეწიოთ ოთხივე წმინდანი, რომელთა ხსენებაც დღეს არის.

ჩვენთან არს ღმერთი

ღმერთო, დაიფარე საქართველო.

ჩვენ ვლოცავთ ჩვენს სპორტსმენებს, მოჭიდავეებს, ფალავნებს, ქართული ჭიდაობის ეროვნულ ფედერაციას და მის პრეზიდენტს გელა ბერუაშვილს. დალოცვილი იყავით, გაიხარეთ და ბევრი გამარჯვება მოგცეთ ღმერთმა.

დღეს ჩვენ ასევე ვლოცავთ გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს და მის რექტორს, გიორგი სოსიაშვილს.

ვლოცავთ წმ. მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონს და მის დირექტორს დეკანოზ მირიან სამხარაძეს.

ვაჯილდოებთ სამღვდელოებას: დეკანოზი გიორგი სახვაძე დაჯილდოებულია მეორე ჯვრის ტარების უფლებით. აქსიოს!

მღვდელმონოზონი სერაფიმე (ჯიქია) დაჯილდოებულია ოქროს ჯვრით და აღყვანილია იღუმენის ხარისხში. აქსიოს!

წირვის დასრულების შემდეგ წმ. თამარ მეფის სახელობის სკოლა-პანსიონის მოსწავლეებმა შეასრულეს საგალობლები.

შემდეგ კათოლიკოს-პატრიარქმა, სამღვდელოებამ და მრევლმა ერთად იგალობეს ,,ალილულია“.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება (08.12.2019)

9 декабря, 2019 - 17:01

ჩვენთან არს ღმერთი

,,დიდ ხარ შენ უფალო და საკვირველ არიან საქმენი შენნი.“

დიდ არს უფალი და საკვირველ არიან საქმენი მისნი. ვერავითარი გონება ვერ ახსნის თუ რაოდენ დიდია ღვთის წყალობა. მახსენდება ის დრო, როდესაც დავამთავრე სასულიერო სემინარია და აკადემია და ჩამოვედი საქართველოში. უწმინდესი და უნეტარესი ეფრემ II-ე ბრძანდებოდა პატრიარქად და სულ ცოტა რაოდენობა ჰყავდა სამღვდელოებისა. ყველას ჰქონდა ფიქრი, რა ეშველება საქართველოს ეკლესიას და სასწაული მოხდა: გამრავლდა, გადიდდა საქართველოს ეკლესია. მაშინ სულ 50-მდე მღვდელი იყო, ეხლა თითო ეპარქიაშია 50-ზე მეტი და ჩვენ ვმადლობთ უფალს ამ დიდი წყალობისათვის.

ჩვენ ლოცვის დროს ვთხოვთ უფალს მის წყალობას, მის დახმარებას და ხშირად გვავიწყდება მადლობის შეწირვა. მინდა შეგახსენოთ, შევახსენო ჩვენს სამღვდელოებას, რომ ნუ დაგავიწყდებათ მადლობის შეწირვა უფლის მიმართ.

სახარებაში ვკითხულობთ: ათი კეთროვანი შეხვდა უფალს და ღაღადებდნენ და ყვიროდნენ: – იესო, მოძღვარ, შეგვიწყალე ჩვენ!

შეებრალა უფალს ეს ავადმყოფი ადამიანები. თქვენ იცით, კეთრი საშინელი დაავადებაა, მათ არ ჰქონდათ უფლება ხალხში ყოფილიყვნენ, ისინი გარიყულად ცხოვრობდნენ უდაბნოში. მაცხოვარმა უთხრა მათ: წადით და ეჩვენენით მოძღვარს, მღვდელს. ისინიც წავიდნენ და გზაში განიწმინდნენ კეთროვნებისაგან, სასწაული მოხდა, მაგრამ მხოლოდ ერთი მათგანი დაბრუნდა უკან, დავარდა მუხლებზე მაცხოვრის წინ და დიდი ხმით მადლობდა უფალს მისი დიდ წყალობისათვის.

და უფალი ეკითხება ამ ადამიანს: ათივე ხომ განიკურნა? ცხრანი სადღა არიანო?

მათ ვერ ნახეს თავის თავში ძალა და მადლი, რომ დაბრუნებულიყვნენ და მადლობა ეთქვათ უფლისათვის გარდა ამ ადამიანისა და ეუბნება უფალი მას: ,,წადი, სარწმუნოებამან შენმან გაცხოვნა შენ!“ თუმცა, პატიებით იმათაც აპატია უფალმა.

ამიტომ მინდა შეგახსენოთ, რომ როცა რასმე აკეთებთ, როცა შრომობთ, როცა გისრულდებათ თხოვნა, ნუ დაგავიწყდებათ მადლობის შეწირვა, იმიტომ, რომ მომავალში კიდევ გექნებათ სათხოვარი.

კარგი პრაქტიკა შემოვიდა ჩვენთან – ეპარქიიდან ჩამოდიან მღვდელმთავრები თავისი სამღვდელოებით და აქ ერთად ვასრულებთ წირვას, ლოცვას.

დღესაც ჩვენთან არიან ჩამოსული სხვადასხვა ეპარქიებიდან სამღვდელოება და ასევე ჩამობრძანებული არიან ხელისუფალნი. მე მინდა დავლოცო ეს სამღვდელოება და ეს ხელისუფალნი.

მე მინდა გთხოვოთ, რომ სოფლის სამღვდელოება ჩართული იყოთ სოფლის მეურნეობაში. მე მახსოვს ჩემს ბავშვობაში (მე სნოდან ვარ, ყაზბეგის რაიონიდან) როგორ უფრთხილდებოდნენ მიწის ნაკვეთს, საკარმიდამოს, არ იყო მოცდენილი არცერთი მეტრი მიწისა, ყველა დამუშავებული იყო – კარტოფილი ითესებოდა, მწვანილი ითესებოდა, თიბვა იყო, სათიბეები იყო. დღეს კი როცა უკეთესი პირობები დაგვიდგა ტექნიკის თვალსაზრისით, აღარ ითიბება, აღარც საკარმიდამო არ მუშავდება და მე მინდა ვთხოვო ჩვენს სამღვდელოებას, რომ მაგალითი მისცენ სოფლის ხალხს, დაამუშავეთ საკარმიდამო მიწები და ამით გავაძლიეროთ სოფელი. ჩვენი სოფელი გადაარჩენს ჩვენს ხალხს.

დიდება უფალს და მადლობა უფალს მისი დიდი წყალობისათვის. აი კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ სოფლის მეურნეობას მიხედოს სამღვდელოებამ. გარდა მიწის დამუშავებისა უნდა იყოლიოთ პირუტყვი: ძროხები, ცხვარი, ღორი, ქათმები და სხვა. ეს დიდად ამოსწევს ჩვენს სოფელს და სოფელი პირიქით დაეხმარება ქალაქს. რამდენიმე ხნის შემდეგ შეგამოწმებთ რამდენად შეასრულეთ ეს ლოცვა-კურთხევა. იმედი მაქვს, რომ მთელი საქართველო ამუშავდება.

შევნიშნავთ იმასაც, რომ მოსახლეობა, სოფლის მოსახლეობა და ქალაქისაც, მიდიან საზღვარგარეთ და იქ ემსახურებიან მოხუცებულ ადამიანებს. ეს ცუდი არ არის, მაგრამ რაღა იქ მიდიხართ, აქ უნდა მიხედოთ თქვენს მამულს, თქვენს მიწას უნდა მიხედოთ. ხელიდან გვეცლება მიწები. ჩამოდიან უცხოელები, ყიდულობენ სახლებს და აქ სახლდებიან ჩვენს სოფლებში და ქალაქებში. ღმერთმა ინებოს, რომ გამოსწორდეს ეს ნაკლი.

გეძლევათ ლოცვა-კურთხევა, რომ მთელს საქართველოში გაავრცელოთ ეს სურვილი და გადავარჩინოთ ჩვენი სოფელი. ეხლა მე მინდა დავაჯილდოვო ჩამოსული სამღვდელოება.

 

ჭიათურისა და საჩხერის ეპარქიის სამღვდელოება:

მღვდელი გაბრიელი ვაშაძე აღყვანილია დეკანოზის ხარისხში. აქსიოს!

მღვდელი ნიკოლოზი მაჭარაშვილი დაჯილდოებულია ოქროს ჯვრით და აღყვანილია დეკანოზის ხარისხში. აქსიოს!

მღვდელი მიქაელ ბიწაძე დაჯილდოებულია ოქროს ჯვრით და აღყვანილია დეკანოზის ხარისხში. აქსიოს!

მღვდელი გიორგი გოგოლაშვილი დაჯილდოებულია ოქროს ჯვრით და აღყვანილია დეკანოზის ხარისხში. აქსიოს!

მღვდელი ზურაბ გველესიანი დაჯილდოებულია ოქროს ჯვრით და აღყვანილია დეკანოზის ხარისხში. აქსიოს!

მღვდელი გიორგი გოგესაშვილი  დაჯილდოებულია ოქროს ჯვრით და აღყვანილია დეკანოზის ხარისხში. აქსიოს!

მღვდელი ლევანი კაციტაძე დაჯილდოებულია ოქროს ჯვრით და აღყვანილია დეკანოზის ხარისხში. აქსიოს!

 

მარგვეთისა და უბისი სამღვდელოება:

იღუმენი იაკობი (ჭოხონელიძე) აღყვანილია არქიმანდრიტის ხარისხში და დაჯილდოებულია მიტრის ტარების უფლებით. აქსიოს!

დეკანოზი გიორგი რევიშვილი დაჯილდოებულია მიტრის ტარების უფლებით. აქსიოს!

დეკანოზი ნოე კილაძე დაჯილდოებულია მიტრის ტარების უფლებით. აქსიოს!

დეკანოზი სიმონ მჭედლიძე დაჯილდოებულია გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით. აქსიოს!

მღვდელი თომა ლაცაბიძე დაჯილდოებულია ოქროს ჯვრით და აღყვანილია დეკანოზის ხარისხში. აქსიოს!

მღვდელი პავლე ცერცვაძე დაჯილდოებულია ოქროს ჯვრით და აღყვანილია დეკანოზის ხარისხში. აქსიოს!

მღვდელ-მონოზონი პეტრე (კორტანიძე) დაჯილდოებულია ოქროს ჯვრით და აღყვანილია იღუმენის ხარისხში. აქსიოს!

დღეს მისი უწმინდესობა ლოცავს ჭიათურისა და საჩხერის და მარგვეთისა და უბისის ეპარქიების სამღვდელოებასა და მრევლს, ასევე წირვაზე ჩამოსულ ლომისის მონასტრის წევრებს და მთიულებს.

ღმერთმა დაგლოცოთ, გაგამრავლოთ, გაგაძლიეროთ. კურთხევა უფლისა თქვენ ზედა მისითა მადლითა და კაცთმოყვარებითა ყოვლადვე აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ!

ეხლა მინდა შეგახსენოთ, რომ მომავალ პარასკევს არის ხსენება წმინდისა მოციქულისა ანდრია პირველწოდებულისა, რომელმაც დააარსა ეკლესია ჩვენი. ამავე დღეს არის ხსენება წმინდისა მეფისა ვახტანგ გორგასალისა და პირველი კათალიკოსისა პეტრე პირველისა და სამოეულისა მეორე კათალიკოსისა. ხუთშაბათს საღამოს იქნება დიდი ლოცვა და პარასკევს ღამე, მთელი ღამე ტაძარი ღია იქნება და შესრულდება 5 წირვა. ამ 5 წირვის დროს ჩვენ მოვიხსენებთ საქართველოს მოსახლეობას, საქართელოს მკვიდრთა და უცხოეთში მცხოვრებ ქართველებს. ღმერთმა დაგლოცოთ გაგახაროთ, გაგაძლიეროთ.

ჩვენთან არს ღმერთი!

საქართველოს საპატრიარქოს განცხადება (09.12.2019)

9 декабря, 2019 - 15:45

გვინდა გულისტკივილით აღვნიშნოთ, რომ კვლავ გადაუჭრელად რჩება დავით გარეჯის კომპლექსში შემავალ „უდაბნოსა“ და „ჩიჩხიტურის“ მონასტერთა საკითხი.

ბუნებრივია, შექმნილი ვითარებიდან ყველას სურს გამოსავლის პოვნა. ერთ-ერთ მცდელობად უნდა განვიხილოთ ახლახანს საინიციატივო ჯგუფის მიერ გაჟღერებული იდეა, რომელიც  აღნიშნული მონასტრების პრობლემის მოგვარების გზად საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის, ამ გეოგრაფიულ  ზონაში  ტრანსსასაზღვრო ტერიტორიის შექმნას მიიჩნევს.

ამგვარი მოდელი შეიძლება დადებითად აღქმული ყოფილიყო იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფოთა შორის ტერიტორიული კუთვნილობის საკითხთან მიმართებაში ისტორიულად, კულტურულად, იურიდიულად და კარტოგრაფიულად  იქნებოდა ბუნდოვანება.

 „უდაბნოსა“ და „ჩიჩხიტურის“ მონასტრებთან დაკავშირებით კი არცერთ ზემოთჩამოთვლილ კატეგორიაში მსგავსი პრობლემა არ არის;  ამ წინადადების შეთავაზებით კი, ფაქტიურად, ჩვენს ხელთ არსებულ დოკუმენტებს უგულვებელვყოფთ და აღნიშნული ტერიტორიის საქართველოს კუთვნილებას ეჭქვეშ ვაყენებთ.

ამიტომაც, საქართევლოს ეკლესია მხარს ვერ დაუჭერს წამოყენებულ ინიციატივას.

ჩვენ კვლავაც მოთმინებით ველოდებით არსებული პრობლემის სამართლებრივ ჭრილში გადასვლას და 2019 წლის 15 ივლისამდე არსებული სტატუს-კვოს აღდგენას.

იმედი გვაქვს, ჩვენს ერებს შორის ჩამოყალიბებული კეთილმეზობლობის ტრადიცია თავის დადებით შედეგს გამოიღებს და მშვიდობას ალტერნატივა არ ექნება.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ინდოეთის ახლადდანიშნულ ელჩს შეხვდა

6 декабря, 2019 - 16:01

ა.წ. 6 დეკემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ინდოეთის ახლადდანიშნული ელჩი, ბ-ნი კიშან დან დევალი მიიღო.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ მეგობრულ ურთეირთობას. მისმა უწმინდესობამ მადლიერება გამოხატა ინდოეთის ხელისუფლების მიმართ რომელთა თანხმობითაც დედოფალ ქეთევან წამებულის წმინდა ნაწილები სამშობლოში ჩამობრძანდა და მრევლს მიეცა მისი მოლოცვის შესაძლებლობა.

,,დიდი მადლი შემოიტანა ქეთევან წამებულის წმინდა ნაწილების ჩამობრძანებამ. მოხარული ვიქნებით, თუ ერთი ნაწილი საერთოდ დაბრუნდება საქართველოში. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ განმტკიცდეს ურთიერთობა ჩვენს შორის. მე ნამყოფი ვარ ინდოეთში, როცა ცოცხალი იყო ინდირა განდი და შევხვდი მას,“ – ბრძანა მისმა უწმინდესობამ.

,,თქვენო უწმინდესობავ, მადლობას გიხდით მიღებისთვის. მინდა დაგიდასტუროთ, რომ ხანგრძლივი ძმური ურთიერთობა აქვს საქართველოს და ინდოეთს. ინდოეთი სეკულარული ქვეყანაა, რომელიც პატივს სცემს ყველა რელიგიას. ჩვენ ვართ ძალიან ამაყები, რომ გვაქვს საქართველოს ერთერთი დიდი წმინდანის, – ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები, ეს არამხოლოდ ინდოეთის მემკვიდრეობაა არამედ საქართველოსიც. როდესაც გასულ წელს წმ. ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები იყო ჩამობრძანებული, საქართველომ დიდი სითბოთი და სიყვარულით მიიღო. ეს ჩვენი საერთო მემკვიდრეობაა და ერთად უნდა დავიცვათ. ვიცით თქვენი თხოვნის შესახებ და თქვენს თხოვნას აუცილებლად გადავცემ მთავრობას. იმედი მაქვს, რომ ღმერთი ინებებს და ეს შესაძლებელი გახდება. ძალიან მოხარული ვარ, ასე კარგად რომ გახსოვთ ინოეთში ყოფნა და შეხვედრა ინდირა განდთან. მოხარული ვიქნები, თუ კიდევ ჩამობრძნადებით.

კიდევ ერთხელ უდიდეს მადლობას გიხდით, რომ მიმიღეთ და დამლოცეთ. ასევე მინდა გთხოვოთ, დალოცოთ ჩემი აქ მოღვაწეობის პერიოდი, რომ წარმატებით განვახორციელო ჩემი მისია.“ – განაცხადა ელჩმა.

მისმა უწმინდესობამ დალოცა ელჩი და წარმატებული მოღვაწეობა უსურვა.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღესასწაულზე (04.12.2019)

4 декабря, 2019 - 16:44

ჩვენთან არს ღმერთი

დღეს არის ბედნიერი დღე – ტაძრად მიყვანება ყოვლადწმინდისა ღვთისმშობლისა. ეს არის გზა, რომელიც გვიჩვენა ჩვენ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა, თუ როგორ უნდა მივიდეთ სასუფეველში. ტაძარი, ეს არის კარიბჭე სასუფევლისა და ბედნიერია ის ადამიანი, რომელიც ამ კარიბჭეში შევა.

ჩვენს გარშემო არის საშინელი ბრძოლა. ბოროტი ძალა ცდილობს,  ჩამოაშოროს  ადამიანი ღმერთს, ზეციური ძალა ცდილობს, არ დაუშვას ბოროტება ადამიანთა, მაგრამ ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ადამიანს, ადამიანზეა დამოკიდებული, რას აირჩევს იგი.  აირჩევს კეთილ გზას  თუ ბოროტ გზას. აუცილებელია შედგეს სინერგია; საერთოდ დაახლოება ხდება ორი ძალისა – ადამიანისა და ღვთაებრივი ძალისა, ან ადამიანისა და ბოროტი ძალისა.

ხშირად გვესმის ადამიანებისგან: მე მინდა ბედნიერი ვიყო დედამიწაზე და შემდეგ რა იქნება, მე არ მეკითხებაო.

არ არის ეს სწორი. ჩვენი აქ ყოფნა წუთისოფელია და ეს წუთი სოფელი არარაობაა, არაფერია სასუფეველთან მიმართებაში. სასუფეველი დაუსრულებელია და იგი რომ შევიგრძნოთ, ადამიანს უნდა ჰქონდეს კავშირი ბუნებასთან, ადამიანს უნდა ჰქონდეს კავშირი დედამიწასთან.

მე მინდა, გაგახსენოთ ერთი შემთხვევა, რომელიც ჩემს ცხოვრებაში მოხდა: მარტყოფში გვაქვს მონასტერი, დედათა მომასტერი, იქ ვიმყოფებოდი მე და ვისვენებდი. სახლში  შემოფრინდა ორი მერცხალი და გარშემო უვლიდა ოთახს, სადაც მე ვიყავი. მერე დაიწყეს ბუდის კეთება, თან ჩქარობდნენ.

და სად დაიწყეს ბუდი კეთება?

შუაში ეკიდა ჭაღი. თქვენ იცით, ჭაღს აქვს თაღი, მერე მოსდევს ჯაჭვები და მრგვალი რკინის საკიდი. აი იმ თაღში შევიდნენ, საკიდში და იქ აკეთებდნენ ბუდეს.

და მე ვუთხარი: მანდ რომ აკეთებთ ბუდეს, მანდ დენია, ელექტროდენია და შეიძლება, დაგარტყას და მოგკლას. ეხლა მე ფიცარს ავიღებ და კუთხეში სადმე დაგიმაგრებთ და იქ გააკეთეთ თქვენი ბუდე.

თქვენ წარმოიდგინეთ,  გაიგეს, ყველაფერი გაიგეს ეს ჩემი ნათქვამი.

ჩავედი ეზოში, ვიპოვე პატარა ფიცარი, კუთხეში დავარტყი ლურსმანი და ვუთხარი, ახლა აქ გააკეთეთ-მეთქი ბუდე.

ესეც გაიგეს და დაიწყეს კეთება. დაანებეს თავი იმ ჭაღსა და დაიწყეს კეთება ბუდისა იმ ფიცარზე.

შემდეგ ჩვენ ავედით მთაზე, იქ სალოცავი იყო წმინდა გიორგისა (ეხლა ტაძარია). სახლიდან არის ერთი კილომეტრი, შორს არ არის. ღამდებოდა, ჩვენ წამოვედით სახლისაკენ და ჭყივილით ჩვენს წინ, პირდაპირ სახესთან ორი მერცხალი მოფრინდა.

და მე ვუთხარი, ჩემთან ერთად ვინც იყვნენ, ეს ჩვენი მერცხლები ხომ არ არიან-მეთქი? ჩამოვედით სახლში და მორჩილ გალინას (ბერძენი ქალი იყო) ვეკითხები: დედა გალინა-მეთქი, ხომ არ გინახავს ჩვენი მერცხლები?

 და ის მპასუხობს, ცოცხით ძლივს გავყარე ოთახიდანო.

მე ვუთხარი, რატომ გაყარე, ვინ დაგავალა,, რას გიშლიდნენ?

მაგრამ ისინი უკვე გაყრილები იყვნენ და მე დარდი გამყვა, ღამე სად იქნებიან, არაფერმა ავნოსთქო.

მეორე დღეს მოფრინდნენ ისევ, სამი წრე გააკეთეს და წავიდნენ, დამემშვიდობნენ.

ისე იმოქმედა ამან რომ ძალიან… შემდეგ აღარ მოფრენილან, მაგრამ დაგვემშვიდობნენ.

ეს კიდევ მეტყველებს იმის შესახებ, როგორი კავშირია ადამიანსა და ბუნებას შორის.

ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ადამიანი დაკავშირებულია მიწასთან, ცხოველებთან, ფრინველებთან, პირუტყვთან. ჩვენ სიყვარული უნდა გვქონდეს მათი, ჩვენ უნდა ვგრძნობდეთ იმათ სიყვარულს. მითუმეტეს, ისინი ვინც ტაძარშია და მორწმუნეა. ტაძარი,  ეს ისეთი საოცრებაა, რომ ცვლის ადამიანს. აქ ფერისცვალება ხდება ადამიანში.

თქვენ ალბათ გიგრძვნიათ, სახლში ხარ, უხასიათოდ ხარ, მოხვედი ტაძარში და ფერისცვალება ხდება, მადლი სულისა წმინდისა გადმოდის და  ეფინება ადამიანს მადლი ღვთისა, – უძლურთა მკურნალი და ნაკლულევანთა აღმავსებელი.

დღეს ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღეა, ღმერთმა ინებოს და ღვთისმშობელმა ინებოს, ჩვენც შევიდეთ ზეციურ ტაძარში, მოგვცეს ღმერთმა ძალა, მადლი, რომ ღირსი გავხდეთ ტაძრად შესვლისა, მიწიერ ტაძარშიც და ზეციურ ტაძარშიც, – საუფეველში.

ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს, მადლი ღვთისა იყოს თქვენთან და საქართველოსთან!

ჩვენთან არს ღმერთი!

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება (01.12.2019)

2 декабря, 2019 - 14:42

ჩვენთან არს ღმერთი

რთულია ადამიანის ცხოვრება, ადამიანის ცხოვრება ეს არის გამოცდა, ეს არის ტვირთვა ჯვრისა, რომელიც ბოლომდე უნდა მიიტანოს მან. ძალიან ხშირი შემთხვევაა, როცა ჩვენ გვიჭირს ჯვრის ზიდვა, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ღმერთი არ გვაძლევს იმაზე მძიმე ჯვარს, რისი ტვირთვაც შეგვიძლია.

ადამიანი ურთულესი აგებულებისაა. იგი არის უნიკალური. ერთხელ იბადება ამქვეყნად და ემზადება სამუდამო, მარადიული ცხოვრებისათვის. ბედნიერია ის, ვინც ღვთის ნებას, ღვთის განგებას ასრულებს.

,,წყალობა შენი უფალო თანამავალ მეყავნ მე ყოველთა დღეთა ცხორვებისა ჩემისათა.“

ჩვენ ვცხოვრობთ ურთულეს დროს. ჩვენ ვცხოვრობთ იმ დროს, როცა ადამიანი თვითონ ირჩევს სამოთხეს თუ ჯოჯოხეთს და ინებოს უფალმა, რომ სამოთხე აირჩიოს და მარჯვენა მხარეს დადგეს ყველა.

ყველაზე ბედნიერი ადამიანი ის არის, რომელიც ეხმარება სხვას ჯვრის ტვირთვაში. ურთიერთ სიმძიმე იტვირთეთ და ესრეთ აღასრულეთ რჯული იგი ქრისტესი, – გვასწავლის ახალი აღთქმა.  სამწუხაროდ ჩვენ კი არ ვტვირთულობთ სხვის სიმძიმეს, პირიქით, უფრო მეტად ვამძიმებთ მოყვასის ჯვარს.

უნდა გახსოვდეთ, რომ ღმერთი არის სიყვარული, ღმერთი არის წყალობა, ღმერთი თავისი სიყვარულით ფარავს ჩვენს ნაკლსა და ჩვენ მადლობელი ვართ აი ამ შეწევნისათვის, ამ წყალობისათვის. წყალობა და სიხარული ღვთისა გფარავდეთ თქვენ. გაიხარეთ ორსავე სოფლესა შინა, აქაც და იქაც!  

ჩვენთან არს ღმერთი!

მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევით დეკანოზი გიორგი უგრეხელიძე დაჯილდოებულია მეორე ჯვრის ტარების უფლებით. აქსიოს!

დღეს მობრძანებულები არიან ღურბელაშვილები. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, გაგამარვალოთ.

ასევე დღეს ჩვენთან ჩამოვიდნენ ჩოხოსნები მესტიიდან და სოფელ ჭუბერიდან.

დალოცვილი იყავით. მესტია, სვანეთი, წმინდა ადგილია, ამიტომ თქვენ  უნდა  მაგალითი მისცეთ ყველას. დალოცვილი იყავით და გაიხარეთ.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საქართველოში მოღვაწე ელჩები ეწვივნენ

26 ноября, 2019 - 17:20

ა.წ. 25 ნოემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად ჩვენს ქვეყანაში აკრედიტირებული ელჩები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები მიიღო.

ელჩებმა მხარდაჭერა და თანადგომა გამოუცხადეს მის უწმინდესობას და აღნიშნეს, რომ დიდია ეკლესიის და პირადად მისი უწმინდესობის როლი საქართველოს განვითარებაში.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ელჩებს ვიზიტისთვის და საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და ბრძანა:

,,ჩვენ ვცხოვრობთ რთულ დროს, როცა მრავალი პრობლემა არის სახელმწიფოებში და მათ ურთიერთობებში. მოგეხსენებათ, არაერთი პრობლემა აქვს საქართველოსაც. უპირველეს ყოვლისა კი ის, რომ ტერიტორიული მთლიანობაა დარღვეული. 20 % – აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი ჯერჯერობით არ არის ჩვენი კონტროლის ქვეშ. მე 11 წელი ვიყავი აფხაზეთის მიტროპოლიტი და აფხაზეთიდან ამირჩიეს საქართველოს პატრიარქად 42 წლის წინ, ბუნებრივია, ეს მხარე მეტად მტკივნეულია ჩემთვის.

სამწუხარო ფაქტია ისიც, რომ არ არის ურთიერთგაგება მთავრობასა და ოპოზიციას შორის. უპირველეს ყოვლისა ჩვენ უნდა ვისწავლოთ მოსმენა ერთმანეთისა. მოსმენით და ურთიერთგაგებით ჩვენ მივაღწევთ იმას, რაც სჭირდება ჩვენს ქვეყანას.

მე მადლობელი ვარ და საქართველო მადლობელია თქვენი დახმარებისა, თქვენი თანადგომისა.’’

ელჩებმა აღნიშნეს, რომ საქართველო ისტორიულად ტოლერანტული ქვეყანაა და მართლმადიდებელი ეკლესია და პირადად კათოლიკოს-პატრიარქი თავისი მოღვაწეობით ხელს უწყობს ქვეყნის განვითარებას, შემწყნარებლობის განმტკიცებას და სხვადასხვა რელიგიური და ეთნიკური ჯგუფების მშვიდობიან თანაცხოვრებას.

წმინდა საყდრის (ვატიკანის) დესპანმა ხოსე აველინო ბეტენკურმა, რომელიც ელჩთა კორპუსს ხელმძღვანელობდა, მის უწმინდესობას შემდეგი სიტყვით მიმართა:

,,გასულ შაბათს საქართველომ იზეიმა მისი მფარველის, წმ. გიორგის დღესასწაული.

უკვე 42 წელია, რაც თქვენი უწმინდესობა, როგორც მოციქულთა მემკვიდრე, ემსახურება ძვირფას ქართველ ხალხს. თქვენ ხართ გამორჩეული საზოგადო მოღვაწე, მსოფლიოს რელიგიური წინამძღოლი, ქართველებისა და საქართველოს გარეთ მცხოვრებთა სათაყვანო პიროვნება.

თქვენ თქვენს მაღალ მსახურებას დაუწესეთ მაღალი კულტურული სტანდარტი, როგორც მუსიკოსმა და კომპოზიტორმა, მხატვარმა და ხელოვანმა, თეოლოგმა და ავტორმა. თქვენი ქმნილებების მეშვეობით თქვენ კაცობრიობის მზერა მიაპყარით მაღალი ღვთაებრივი სფეროებისკენ.

1991 წელს, საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის მიღებამდე დიდი ხნით ადრე, თქვენ წარმოადგინეთ საქართველოს ეკლესია და ქართველი ხალხი მის საზღვრებს გარეთ. თქვენ ქარტეხილებით სავსე ეპოქა გამოიარეთ, მასპინძლობდით მსოფლიოში ცნობილ პიროვნებებს და იდექით უბრალო ხალხის გვერდზე მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში. ამიტომაცაა უამრავი ადამიანი თქვენით აღფრთოვანებული. ამიტომაც გიწოდათ ,,ღვთის კაცი“ პაპმა ფრანცისკემ, რომელსაც წარმოვადგენ თქვენს ქვეყანაში, რაც ჩემთვის უდიდესი პატივია.

ჩემს კოლეგებსა და მეც არაერთხელ გამოგვიხატავს თქვენთვის ჩვენი მოწიწება და გადმოგვიცია თქვენთვის პატივისცემის გამოხატულებანი საზღვარგარეთიდან. დღეს გვსურს კვლავ გამოვხატოთ ჩვენი პატივისცემა თქვენდამი და თქვენი მაღალი მსახურებისადმი.

,,წმ. გიორგის დღეებში“ ეს მაღალი საკრებულო კეთილდღეობასა და მშვიდობას უსურვებს თქვენს უწმინდესობას და უნეტარესობას და მთელ ძვირფას ქართველ ხალხს.“

შეხვედრაზე სიტყვით ასევე გამოვიდნენ ისრაელის, გერმანიის, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის, იტალიის, საბერძნეთის, თურქეთის, უკრაინის, პოლონეთის და სხვა ქვეყნების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები.

,,თქვენო უწმინდესობავ, თქვენი მესიჯი ძალიან მნიშვნელოვანია ამ რთული პერიოდისთვის. გეთანხმებით, რომ დაძაბული დროა, ამიტომ როგორც თქვენ ბრძანეთ, ჩვენ ერთმანეთს უნდა მოვუსმინოთ. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა შეხვედრისთვის და გისურვებთ ჯანმრთელობას და დიდ წარმატებებს.“ – განაცხადა ბრიტანეთის ელჩმა, ბ-ნმა ჯასთინ მაქენზი სმითმა.

,,თქვენო უწმინდესობავ, ჩემთვის დიდი პატივია, რომ შეგხვდით და გვსურს მადლობა გადაგიხადოთ ისრაელის სახელმწიფოს სახელით. ჩვენს ერებს შორის ურთიერთობა ყოველდღე ღრმავდება. ებრაელი ერის სახელით მადლობას გიხდით რომ 2600 წლის მანძილზე საქართველომ შეიფარა ებრაელები. დავლოცავ საქართველოს, ისრაელს და მთელს მსოფლიოს. მშვიდობა ყოფილიყოს და საქართველო გაერთიანებულიყოს,“ – ბრძანა ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ბ-ნმა შაბთაი ცურიმ.

,,მინდა მადლობა გადაგიხადოთ შეხვედრისთვის რომ მომეცა საშუალება კიდევ ერთელ მოვისმინო თქვენი სიბრძნე. როგორც ერთადერთი ნატოს წევრი ქვეყანა, რომელსაც სახმელეთო საზღვარი აქვს საქართველოსთან, ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. ხაზგასმით აღვნიშნავ ასევე  თქვენს პირად უზარმაზარ წვლილს  თურქ და ქართველ ხალხს შორის დამყარებულ ურთიერთობებში. განსაკუთრებით მადლობელი ვარ, რომ ქართული წარმოშობის თურქეთის მოქალაქეებს იწვევდით და იწვევთ საქართველოში რათა გაეცნონ კულტურულ მემკვიდრეობას, ეს ძალიან დიდი კავშირია ჩვენ ქვეყნებს შორის. აუცილებლად აღსანიშნავია, რომ 20 წლის განმავლობაში ჩვენს შორის გაჩენილი ასეთი სტაბილური ურთიერთობა და თანამშრომლობა ძალიან აღიზიანებთ ჩვენს არაკეთილისმსურველებს. სერიოზული პროპაგანდა მუშაობს ჩვენი მეგობრობის წინააღმდეგ. თქვენო უწმინდესობავ,  მინდა დაგარწმუნოთ, რომ ჩემი ქვეყნის მთავრობა და მე ყველაფერს გავაკეთებთ, რომ წინ აღვუდგეთ ამ პროპაგანდას. ეს პროპაგანდა ცდილობს შუღლი გააღვივოს მრავალეროვან და მულტირელიგიურ საქართველოში. ჩემს კოლეგებს მინდა შევუერთდე სურვილებში და გისურვოთ ჯანმრთელობა.“ – აღნიშნა თურქეთის ელჩმა, ქ-ნმა ფატმა სერენ იაზგანმა.

,,დიდი მადლობა შეხვედრისთვის, პოლონეთის სახელით მინდა უდიდესი მადლობა გადაგიხადოთ თანამშრომლობისთვის. თქვენი თანამშრომლობა პოლონეთის ქრისტიანულ კულტურასთან ძალიან მნიშვნელოვანია. თქვენი სახელი ბევრმა იცის პოლონეთში. მოხარული ვარ რომ თქვენთან გვაქვს ძალიან კარგი ურთიერთობა. გისურვებთ ჯანმრთელობას და წარმატებას.“ – განაცხადა პოლონეთის ელჩმა, ბ-ნმა მარიუშ მაშკიევიჩმა.

,,მოხარული ვარ, რომ დღეს გხვდებით. თითოეული ჩვენგანისთვის დიდი პატივია, რომ წარმოვადგენთ ჩვენს ქვეყნებს ამ არაჩვეულებრივ ქვეყანაში. მე მინდა ჩემს კოლეგებს და მეგობრებს შევუერთდე და განვაცხადო, რომ ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. სამწუხაროდ, მრავალი ადამიანია საქართველოში ამ სასტიკი კონფლიქტის მსხვერპლი. მე მინდა ვუსურვო საქართველოს მშვიდობა და დემოკრატიული განვითარება. მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ პირადად თქვენ და სინოდის წევრებს ჩვენთან თანამშრომლობისთვის და გთხოვთ თქვენს ლოცვებში მოგვიხსენიოთ. – ბრძანა გერმანიის ელჩმა ბ-ნმა ჰუბერტ კნირშიმ.

,,თქვენო უწმინდესობავ, 42 წლის წინ  თქვენ მიიღეთ მწყემსთავრის კვერთხი, რომლითაც დღემდე უძღვებით თქვენს ქვეყანას. თქვენ ღვთისგან დაგევალათ, რომ წაძღოლოდით საქართველოს მოსახლეობას როგორც მწყემსი კეთილი და თქვენი მორალური ავტორიტეტით დაამსხვრიეთ ბოროტების ჭურჭელი, რაც საფრთხეს უქმნიდა თქვენს ერს. ნება მიბოძეთ  გისურვოთ ხანგრძლივი სიცოცხლე.“ – საბერძნეთის ელჩი, ბ-ნი დიმიტრიუს კარაბალისი.

,,თქვენო უწმინდესობავ, დიდ მადლობას გიხდით კიდევ ერთხელ რომ მოგვეცა თქვენთან შეხვედრის საშუალება.  იტალია, როგორც ერთერთი დამფუძნებული ევროკავშირისა და საქართველოს დიდი ხნის მეგობარი  ქვეყანა, მხარს უჭერს საქართველოს და მომავალშიც დავუჭერთ. თქვენ ღვთის კაცი და სულიერი ლიდერი ბრძანდებით და როცა საუბრობთ, შეგვახსენებთ, რომ პოლიტიკის უკან არიან უბრალო ადამიანები, რომლებიც იტანჯებიან. თქვენ, როგორც სულიერმა ადამიანმა და ბრძენმა პიროვნებამ, შეგვახსენეთ, რომ ნებისმიერი პრობლემა შეიძლება მოგვარდეს დიალოგით, მოლაპარაკებებით. ჩემი მანდატი მალე იწურება და ნება მიბოძეთ გამოვიყენო ეს შესაძლებლობა და მადლობა მოგახსენოთ ჩვენს საელჩოსა და საპატრიარქოს შორის არსებული ურთიერთობებისთვის. დიდი მადლობა.” – იტალიის ელჩი, ბ-ნი ანტონიო ბარტოლი.

თქვენო უწმინდესობავ, ძალიან შთამაგონა თქვენმა სიტყვებმა, რომ ნებისმიერი პრობლემის მოგვარება შეიძლება დიალოგით. და ეს იმდენად დიდი შთაგონებაა ჩემთვის და ჩემი კოლეგებისთვის, რომ ვეცდებით უფრო მჭიდროდ ვითანამშრომლოთ ერთმანეთთან და ყველასთან. მსურს შევუერთდე ჩემს კოლეგებს და დიდი მადლობა მოგახსენოთ დღევანდელი შეხვედრისთვის.“ –  საფრანგეთის ელჩი, ბ-ნი დიეგო კოლასი.

,,ჩვენთვის დიდი პატივია თქვენთან კიდევ ერთხელ შეხვედრა. ჩვენ ვაცნობიერებთ და ვაფასებთ იმ დიდ როლს, რაც გაკისრიათ საქართველოს წინაშე. ჩვენ ვაცნობიერებთ იმ პრობლემებს, რომლებიც ახსენეთ და მინდა დაგარწმუნოთ, რომ უკრაინელი ხალხი და უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია ყოველთვის ქართველი ხალხის გვერდით იქნება. მინდა წარმატება გისურვოთ თქვენ, რომ გაუძღვეთ ქართველ ხალხს უკეთესი მომავლისკენ. – უკრაინის ელჩი, ბ-ნი იგორ დოლგოვი.

                                           *             *            *               

,,მადლობას მოგახსენებთ თქვენი კეთილი სურვილებისთვის, – ბრძანა კათოლიკოს-პატრიარქმა, – საქართველო ცხოვრობს მრავალი რელიგიისა და ეროვნების გარემოცვაში. თბილისში ახლოს არის მართლმადიდებელი ეკლესია, მუსულმანური სალოცავი, ებრაული, კათოლიკური და სხვა. მე მახსენდება, ჩვენ გვესტუმრა ორი მოხუცებული აიათოლა ირანიდან და მითხრეს, როცა ხელებს აწევ სალოცავადო, ჩვენც მოგვიხსენეო. ახლა ხელებს ვწევ ღვთისადმი და ვლოცავ მსოფლიოს, რათა მშვიდობა სუფევდეს. ღმერთმა დაგლოცოთ!“

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი), ისაუბრა ქვეყანაში არსებულ ზოგად მდგომარეობაზე, საელჩოების როლზე და აღნიშნა, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია მზადაა თანამშრომლობის გაღრმავებისთვის, რისი ერთ-ერთი დასტურიცაა ჩვენი ეკლესიის დელეგაციის ვიზიტი აშშ-ში და ბრიუსელში. მან ასევე ისაუბრა კონფლიქტურ რეგიონებში არსებულ მდგომარეობაზე და დიპლომატებს სთხოვა დახმარება ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებაში.

შეხვედრის დასასრულს მისი უწმინდესობის ნათლულების გუნდმა ხალხური სიმღერები და კათოლიკოს-პატრიარქის საგალობლები შეასრულა.

კათოლიკოს-პატრიარქმა ელჩებს თანადგომისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა და წარმატებული მოღვაწეობა უსურვა.

 

 

 

 

სამების საკათედრო ტაძარში 61-ე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა

25 ноября, 2019 - 13:58

ა.წ. 24 ნოემბერს ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში ჩვილთა 61-ე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა. ამჯერად მისი უწმინდესობის ნათლული 500-მდე ბავშვი გახდა.

დღეისთვის სრულიად საქართველოს-კათოლიკოს პატრიარქს 40000-ზე მეტი ნათლული ჰყავს.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება გიორგობის დღესასწაულზე (23.11.2019)

23 ноября, 2019 - 14:58

ჩვენთან არს ღმერთი!

წმინდა გიორგის ლოცვით იხარეთ ორსავ სოფელსა შინა!

ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს. 15 წლის წინ ეკურთხა ეს წმინდა ტაძარი. ჩვენ შევთხოვთ უფალს, რომ ღმერთმა დალოცოს ეს ტაძარიც და აღმშენებლებიც.

მთელმა საქართველომ მიიღო მონაწილეობა მის მშენებლობაში, მაგრამ დღეს მინდა დავლოცო განსაკუთრებული შემომწირველი, – ბიძინა ივანიშვილი და მშენებლობის ხელმძღვანელი ირაკლი ანდრიაძე, რომელსაც წელს შეუსრულდა 90 წელი.

,,წყალობა შენი უფალო თანამავალ მეყავნ მე ყოველთა დღეთა ცხოვრებისა ჩემისათა“. წყალობა ღვთისა არ მოგაშოროთ მამაზეციერმა. ჩვენთან არს ღმერთი!

ღმერთმა ინებოს, რომ მადლი ღვთისა ჩვენთან იყოს აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე!

 

 

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საფრანგეთის ელჩს შეხვდა

20 ноября, 2019 - 15:24

ა.წ. 19 ნოემბერს სრულიად საქართელოს კათოლიკოს-პატრიარქმა მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად საქართველოში საფრანგეთის ახლადდანიშნული საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ბ-ნი დიეგო კოლასი და მისი მოადგილე მიიღო.

კათოლიკოს-პატრიარქმა მადლობა გადაუხადა ელჩს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის და დასძინა: ჩვენს ქვეყნებს განსაკუთრებული სიახლოვე რომ აქვთ იქიდანაც ჩანს, რომ  საფრანგეთი იყო ქვეყანა, რომელსაც 100 წლის წინ ათეისტური რეჟიმის მიერ დევნილმა მრავალმა ქართველმა შეაფარა თავი.

ბ-ნმა დიეგო კალასმა განაცხადა, რომ საფრანგეთი ყოველთვის იქნება საქართველოს პარტნიორი და მხარდამჭერი. ელჩის თქმით, ის მოხიბლულია ქართული კულტურით, ტრადიციებით, სტუმარ-მასპინძლობით, სხვადასხვა კულტურის და რელიგიის შემწყნარებლობით და ამავდროულად საკუთარი ტრადიციების დაფასებითა და ერთგულებით.

შეხვედრას მოგვიანებით შეურთდა ამიერკავკასიის მუსლიმთა სულიერი ლიდერის წარმომადგენელი საქართველოში ალი ალიევი.

მისმა უწმინდესობამ საფრანგეთის ელჩს წარუდგინა ალი ალიევი და ხაზი გაუსვა იმ მეგობრულ ურთიერთობებს, რაც რელიგიური სხვაობის მიუხედავად ჩვენს ხალხებს შორის არსებობს. 

დასასრულს მხარეთა მიერ დაახლოების და თანამშრომლობის გაღრმავების სურვილი გამოითქვა.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში

19 ноября, 2019 - 17:16

ა.წ. 17 ნოემბერს დაიწყო და კვლავ გრძელდება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში. დელეგაციის შემადგენლობაში არიან ბოდბელი მთავარეპისკოპოსი იაკობი (იაკობიშვილი), ბელგიისა და ჰოლანდიის ეპისკოპოსი დოსითეოზი (ბოგვერაძე), საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე და სხვა სასულიერო პირები. ვიზიტი ხორციელდება რონდელის ფონდის მხარდაჭერით და მასში მონაწილეობენ საქართველოში არსებული სხვადასხვა რელიგიების წარმომადგენლები.

18 ნოემბერს, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (NATO) სათაო ოფისში შედგა შეხვედრა ჯეიმს აპატურაისთან, – კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელთან.

შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ევროატლანტიკური ალიანსის მნიშვნელობაზე, საქართველოს ნატოში გაწევრიანების გეგმებზე, გამოწვევებზე, თანხვედრ სირთულეებსა და მართლმადიდებელი ეკლესიის ჩართულობაზე აღნიშნულ პროცესში.

საუბრისას აღინიშნა, რომ უმნიშვნელოვანესია, გაერთიანება იმ მთავარი კულტურულ-რელიგიური ღირებულებების გარშემო, რომლებზეც დგას ჩვენი ქვეყანა. თავის მხრივ, ბატონმა აპატურაიმ სრული მხარდაჭერა და მხარში დგომა აღუთქვა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლებს და ბრძანა: ,,როდესაც ვამბობთ, რომ მხარში ვუდგავართ საქართველოს, ვდგავართ სწორედ იმ ღირებულებების მხარდამხარ, რომლებიც თქვენი ერის მთავარ ღირებულებებს წარმოადგენს”.

ამავე დღეს ვიზიტის მონაწილეები ევროპის სახალხო პარტიის (epp) ოფისში შეხვდნენ ევროპის სახალხო პარტიის გენერალურ მდივანს, ბ-ნ ანტონიო ლოპეზ-ისტურიზ ვაიტსა და ევროპის სახალხო პარტიის საგარეო ურთიერთობათა მდივანს, ბ-ნ პატრიკ ვოლერს.

შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ამჟამად ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შესახებ. ამასთან, მასპინძლებმა, შესაძლებლობის ფარგლებში, სრული მხადრაჭერა აღუთქვეს ქართულ მხარეს ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გასათავისუფლებლად.

ასევე აღინიშნა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ეკლესიის მხრიდან საზოგადოებასთან ღია ურთიერთობა და ამ მიმართულებით საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის აქტიური მუშაობა.

თავის მხრივ, ევროპარლამენტარებმა გამოხატეს მზაობა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასთან უშუალო თანამშრომლობისა და სამომავლოდ კიდევ უფრო მჭიდრო ურთიერთობის ჩამოყალიბებისათვის. შეხვედრის მონაწილეებმა ერთხმად აღნიშნეს, რომ ასეთი თანამშრომლობა ქვეყნისთვის მრავალი სასარგებლო საკითხის გადაჭრას შეუწყობს ხელს.

ევროპარლამენტში ასევე გაიმართა ორმხრივი შეხვედრები ევროპის სახალხო პარტიის წევრ პარლამენტარებთან. ვიზიტის მონაწილეები დაესწრნენ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომას. შეხვდნენ სამხრეთ კავკასიის დელეგაციის თავმჯდომარის მოადგილეს, კულტურათაშორისი და რელიგიური დიალოგის სამუშაო ჯგუფის თანათავმჯდომარეს, ევროკავშირში მართლმადიდებელი ეკლესიების წარმომადგენელთა კომიტეტის (TBC) წევრებსა და სხვა ოფიციალურ პირებს.

19 ნოემბერს, რონდელის ფონდის ორგანიზებით, ბრიუსელში მიმდინარე ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და სხვა რელიგიური კონფესიების წარმომადგენლები დაესწრნენ სემინარს „ეკლესიისა და რელიგიური თემების როლი მშვიდობის აღდგენისა და კონფლიქტის დარეგულირების პროცესში“.

სემინარზე საქართველოს მხრიდან მომხსენებლები იყვნენ: ბოდბელი მთავარეპისკოპოსი იაკობი (იაკობიშვილი), საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე, საპატრიარქოს წარმომადგენელი ინტერრელიგიურ საბჭოში თეა გოგოტიშვილი, სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს შეიხი რამინ იგიდოვი, სომეხთა სამოციქულო წმინდა ეკლესიის საქართველოს ეპარქიის წინამძღვრის მოვალეობის შემსრულებელი, არქიმანდრიტი კირაკოს დავთიანი, საქართველოში კათოლიკე ეკლესიის ეპისკოპოსის ვიკარი, მამა გაბრიელე ბრაგანტინი, თბილისის დიდი სინაგოგის საბჭოს თავმჯდომარე მერაბ ჩანჩალაშვილი.

Страницы