Грузинская Православная Церковь

Подписка на Лента Грузинская Православная Церковь
საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური წმინდა მართლმადიდებელი ეკლესია
URL-адрес: http://patriarchate.ge
Обновлено: 21 мин. 30 сек. назад

სტუმრობა საპატრიარქოში

18 ноября, 2019 - 17:03

 

ა.წ. 15 და 17 ნოემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ეწვივნენ აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი, ბ-ნი რუსლან აბაშიძე, მინისტრი, ბ-ნი დავით ფაცაცია ოჯახის წევრებით, ასევე ბ-ნი ელდარ შენგელაია, ბ-ნი გიორგი ხუბუა და ბ-ნი ნიკოლოზ შენგელაია მეუღლეებით.

მის უწმინდესობას აგრეთვე შეხვდნენ 100 000 მოწამის ხსენების დღეს მსვლელობაში მონაწილე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის ფაკულტეტების ხელმძღვანელები, სტუდენტური ორგანიზაციების ასოციაციის წევრები და სხვადასხვა უნივერსიტეტის წარმომადგენლები.

მისმა უწმინდესობამ დალოცა სტუმრები, სამშობლოსათვის კვლავაც ერთგული მსახურება და წარმატებული ცხოვრება უსურვა.

 

საქართველოს საპატრიარქოს განცხადება (17.11.2019)

17 ноября, 2019 - 15:43


საქართველოს საპატრიარქოს განცხადება
(17.11.2019.)


დიდად ვწუხვართ ცნობილი ექიმის, ტრავმატოლოგთა ასოციაციის ხელმძღვანელის, ბატონ ვაჟა გაფრინდაშვილის ცხინვალის იზოლატორში დატყვევების გამო. ამ პიროვნებას ყველა იცნობს, როგორც ფრიად გამოცდილ ქირურგს, რომელმაც მრავალ ადამიანს შეუნარჩუნა ჯანმრთელობა და სიცოცხლე, მათ შორის ცხინვალის რეგიონში.
ვფიქრობთ, თავისუფლების აღკვეთაში ყოფნა პირველ რიგში მისი დამკავებლებისთვის არის პრობლემური.
ბატონ ვაჟას გათავისუფლებისთვის ქართველი მედიკოსები, უბრალო მოსახლეობა, ხელისუფლება, საელჩოები და საერთაშორისო ორგანიზაციები აცხადებენ მხარდაჭერას. ჩვენც ვუერთდებით მათ და ვთხოვთ ყველას, ვისაც ხელეწიფება სიტუაციის განმუხტვა, დროულად გაათავისუფლონ ბატონი ვაჟა გაფრინდაშვილი.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება (17.11.2019)

17 ноября, 2019 - 13:34

ჩვენთან არს ღმერთი!

,,დიდ ხარ შენ უფალო და საკვირველ არიან საქმენი შენნი!“ ჩვენ ყოველდღე ვკითხულობთ დავითნს, ფსალმუნებს და იქ წერია ეს სიტყვები – ,,დიდ ხარ შენ უფალო და საკვირველ არიან საქმენი შენნი.“

თითოეულმა ჩვენგანმა უნდა გააცნობიეროს, რომ ბედნიერება ენიჭება ადამიანს ღვთისაგან. ბედნიერება არის ღვთის ლოცვა-კურთხევა. ადამიანი ღირსი უნდა იყოს ბედნიერებისა. ლოცვაში ,,მამაო ჩვენოს“ რომ ვკითხულობთ, იქ არის სიტყვები: ,,პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს“. თქვენ გიფიქრიათ რატომ ამბობს უფალი ,,მომეც ჩვენ დღეს?“ ამბობს იმიტომ, რომ ადამიანის აწმყო და მომავალი და წარსულიც, – ყველაფერი ღვთის ხელშია.

ჩვენ ვცხოვრობთ რთულ დროს, ისეთ დროს, როცა ყველაფერი იცვლება, ყველაფერი არამყარია. ერთ დღეს შეიძლება შეიცვალოს ყველაფერი. ნაპოლეონი ამბობდა, ,,დიდებიდან სასაცილომდე ერთი ნაბიჯიაო“, და ეს უნდა გვახსოვდეს, უნდა ვიცოდეთ, რომ ერთი ნაბიჯია დიდსა და მცირეს შორის, კარგსა და ცუდს შორის.

ერთმანეთს დავეხმაროთ, ერთმანეთს ვუშველოთ. ნუ დავუმძიმებთ ცხოვრებას ისედაც მძიმეა ჩვენი ყოფა. პავლე მოციქული ამბობს: ,,ერთმანეთის სიმძიმე იტვირთეთ და ასე აღასრულეთ რჯული იგი ქრისტესი.“

ჩვენ უნდა აღვზარდოთ ჩვენი შვილები სახარების მიხედვით. ვასწავლოთ მათ მოწყალება, რათა წყალობა ღვთისა მოიპოვონ. წყალობა ღვთისა უნდა დაიმსახუროს ადამიანმა. ჩვენ ვმადლობთ უფალს მისი დიდი წყალობისათვის. დიდება უფალს და მადლობა უფალს.

ღვთის წყალობა გფარვიდეთ თქვენ. ღვთის წყალობამ დაიცვას და დაიფაროს საქართველო.

დღეს ჩვენ ვლოცავთ ოჯახებს და სხვადასხვა ორგანიზაციებს.

დღეს ილოცებიან შემდეგი გვარები: ფანჩვიძეები, მოსულიშვილები, ფხალაძეები, ბეზიაშვილები, ნარსიები, ტარიელაძეები და მამაიშვილები.

ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, გაგამრავლოთ, გაგაძლიეროთ. წყალობა ღვთისა სუფევდეს თქვენთან. ამინ.

დღეს ასევე მობრძანებულები არიან დასალოცად და ილოცება ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის სამღვდელოება და მრევლი, ასევე ილოცება ქალაქ დედოფლისწყაროს წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის სკოლა-ინტერნატი და ასევე ილოცება საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია და მისი პრეზიდენტი ბ-ნი პაატა გურასპაული. საკალათბურთო გუნდები: ზაზა ფაჩულიას აკადემია, სოხუმი, ივერტაიმი, იბერი, მართვე, თბილისის დინამო, ორბი და ვიქსი.

მშვიდობა სიხარული დ გამარჯვება მოგცეთ ზეციერმა უფალმა. დალოცვილი იყავით.

შეგახსენებთ რომ მომავალ შაბათს არის გიორგობა. 15 წელი სრულდება, რაც გიორგობის დღეს გაიხსნა ეს წმინდა ტაძარი და წირვა-ლოცვა აქ შესრულდება. ასევე შეგახსენებთ, რომ ბავშვების ნათლობა შედგება შაბათს, გიორგობის დღეს, ამ წმინდა ტაძარში. დალოცვილი იყავით.

ჩვენთან არს ღმერთი!

საქართველოში მოქმედ რელიგიათა ხელმძღვანელებმა ტოლერანტობის დღეს საქართველოს პატრიარქს თანადგომა გამოუცხადეს

16 ноября, 2019 - 20:22

ა.წ. 15 და 16 ნოემბერს ტოლერანტობის საერთაშორისო დღეს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ საპატრიარქო რეზიდენციაში საქართველოში არსებული რელიგიებისა და კონფესიების ლიდერები და მათი წარმომადგენლები  მიიღო. სტუმართა შორის იყვნენ: ებრაელთა თემის, მუსლიმთა სამმართველოს, სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის, ლათინ-კათოლიკეთა, იეზიდთა სასულიერო კრების, ევანგელურ-ლუთერული და სახარების რწმენის ეკლესიის ხელმძღვანელები და მათი თანხმლები პირები.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შეხვედრის მონაწილეებს ტოლერანტობის საერთაშორისო დღე მიულოცა და აღნიშნა, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს მშვიდობისა და ურთიერთპატივისცემის შენარჩუნებისათვის. მისმა უწმინდესობამ ასევე ისაუბრა თანამედროვე სამყაროს პრობლემებსა და გამოწვევებზე და ხაზი გაუსვა ოჯახის სიწმინდისა და სიმტკიცის დაცვის მნიშვნელობას, რადგან ,,ძლიერი და მტკიცე ოჯახი წარმატებული ქვეყნის საწინდარია,“- ბრძანა მან.

სტუმრებმა  აღნიშნეს, რომ საქართველო ისტორიულად ტოლერანტული ქვეყანაა და მართლმადიდებელი ეკლესია და პირადად კათოლიკოს-პატრიარქი თავისი მოღვაწეობით ხელს უწყობს შემწყნარებლობის განმტკიცებას და სხვადასხვა რელიგიური და ეთნიკური ჯგუფების მშვიდობიან თანაცხოვრებას. დასძინეს ისიც, რომ ისინი მოვიდნენ, რათა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიმართ თანადგომა და პატივისცემა გამოეხატათ და მადლობა გადაეხადათ მისთვის ტრადიციული ღირებულებების დაცვისა და შემწყნარებლობის განტმკიცებისთვის.

,,ჩვენ ყურადღებით ვუსმენთ და ვითვალისწინებთ თქვენს სიტყვებს და ჩვენს სამრევლოებში ხელს ვუწყობთ ტრადიციული ღირებულებების დაცვას.“- განაცხადეს მათ.

მისმა უწმინდესობამ და უნეტარესობამ რელიგიურ ლიდერებს მადლობა გადაუხადა და ჩვენი ქვეყნისთვის და ხალხისთვის სასარგებლო მოღვაწეობა უსურვა.

ტოლერანტობის საერთაშორისო დღე UNESCO-ს ინიციატივით 1995 წლიდან აღინიშნება. მისი მიზანი შეუწყნარებლობის, ექსტრემიზმისა და დისკრიმინაციის საფრთხეებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ურთიერთპატივისცემის დამკვიდრებაა. საქართველოში ეს დღე პირველად 2016 წელს აღინიშნა და მისი მასპინძელი საქართველოს საპატრიარქო და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი იყო.

მცხეთა-თბილისის ეპარქიალური საბჭოს განცხადება (15.11.2019 წ.)

15 ноября, 2019 - 22:44

ბოლო ორი წლის მანძილზე განვითარებული მოვლენების ფონზე არაერთი პრეცენდენტი  შეიქმნა იმისა, როდესაც საჯარო სივრცეში სასულიერო პირები თვითნებურ მკვეთრ შეფასებებს აკეთებენ ამა თუ იმ თემასთან მიმართებაში.
ამჯერად, მცხეთათბილისის ეპარქიაში დაფიქსირებულ ზოგიერთ არასწორ ქმედებაზე შევჩერდებით:

ა) მიმდინარე წლის 16 ოქტომბერს და 5 ნოემბერს დეკანოზმა დავით ისაკაძემ და მისმა მხარდამჭერმა სასულიერო პირებმა მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსის, მეუფე მელქისედეკის (ხაჩიძე) და ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის, მეუფე გრიგოლის (ბერბიჭაშვილი) მიმართ კადნიერი კრიტიკის შემცველი ვიდეო მიმართვები გაავრცელეს, რომლის შინაარსი მმართველ მღვდელმთავართან (სრულიად კათოლიკოს–პატრიარქთან) შეთანხმებული არ იყო. 

ასევე

ბ) ა.წ. 13 ნოემბერს დეკანოზ თეოდორე  გიგნაძის  ინტერვიუში ადგილი ქონდა ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტის, მეუფე საბას (გიგიბერია) პოზიციის  მიმართ  კრიტიკას; ამის მიზეზი გახდა პოლიტიკური გაერთიანება „გირჩის“ მიერ დაარსებული რელიგიური ორგანიზაციის, _ „ბიბლიური თავისუფლების“ გარდაცვლილი წევრისთვის წესის აგებისაგან თავის  შეკავება (საერთო გადაწყვეტილების მიღებამდე),  რაც გამოწვეულია მართლამდიდებელი ეკლესიისთვის მიუღებელ რელიგიურ გაერთიანებასთან გარდაცვლილის კავშირთან.


ვაფრთხილებთ სასულიერო პირებს, თავი შეიკავონ თვითნებური და შეურაცხყოფის შემცველი განცხადებებისაგან. პრობლემური სიტუაციის შემთხვევაში კი უნდა მომართონ საქართველოს საპატრიარქოს მცხეთათბილისის ეპარქიალურ მუდმივმოქმედ კომისიას.

100 000 მოწამის დღე

13 ноября, 2019 - 20:07

ა.წ. 13 ნოემბერს, 17:00 საათზე, მეტეხის ხიდზე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად 100 000 მოწამის პარაკლისი გადაიხადა  და  საქართველოს საპატრიარქოს ახალგაზრდული მოძრაობა „დავითიანნის“ მიერ ორგანიზებულ შემოქმედებით კონცერტს დაესწრო.

,,წმინდანო ასიათასნო ქართველნო მოწამენო, გიხაროდეთ, დალოცვილი იყავით და თქვენი ლოცვა-კურთხევა მოეფინოს სრულიად საქართველოს!

საქართველო მიყვარხარ!

საქართველო, მიყვარხარ!

საქართველო, მიყვარხარ!“- ბრძანა მისმა უწმინდესობამ და უნეტარესობამ.

მრევლმა იგი გააცილა საპასუხო შეძახილით – ,,გვიყვარხარ პატრიარქო!“

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ჰერეთში მცხოვრებ ქართველებს შეხვდა

13 ноября, 2019 - 20:01

ა.წ. 9 ნოემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ისტორიულ ჰერეთში მცხოვრებ ქართველებს უმასპინძლა. ღონისძიებას ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპისკოპოსი დიმიტრი (კაპანაძე), ჰერეთში მოღვაწე დეკანოზი პეტრე ხუმარაშვილი, ჟურნალ ,,სამეფო გვირგვინის“ რედაქტორი მონოზონი მარიამი (ია ბაგრატიონ-მუხრანელი), პროფესორი ნოდარ ნათაძე და სხვა პირები ესწრებოდნენ.

ჰერეთიდან ჩამოსულმა ქართველებმა მის უწმინდესობას თანადგომა გამოუცხადეს და მათ მიმართ გამოჩენილი მზრუნველობისა და ყურადღებისთვის მადლობა გადაუხადეს. მათივე თქმით, ჰერეთში ამოქმედებელი ეკლესიები უდიდესი ნუგეში და იმედია იქ მცხოვრები ქართველებისთვის.

,,მე ბედნიერი ვარ, რომ გხედავთ საპატრიარქოში. – ბრძანა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, – შევთხოვ უფალს, რომ წყალობა თვისი არ მოგაკლოთ. თქვენ, ჰერეთის მოსახლეობა გმირები ხართ. თქვენ გადაიტანეთ მძიმე წლები და მძიმე დღეები, მაგრამ ვერ გაგტეხეს. დალოცვილი იყავით! ხშირად გვესტუმრეთ და გაგვახარეთ.“

გალობის უნივერსიტეტის სტუმრობა შემოქმედის ეპარქიაში

11 ноября, 2019 - 17:36

ა.წ. 8-9 ნოემბერს გიორგი მთაწმინდელის სახელობის გალობის უნივერსიტეტი შემოქმედის ეპარქიას სტუმრობდა.

8 ნოემბერს, ერკეთის დედათა მონასტერში უნივერსიტეტის რექტორმა, არქიმანდრიტმა იოანემ (კიკვაძე) პარაკლისი გადაიხადა, შემდეგ კი ოზურგეთის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის საკონცერტო დარბაზში შედგა გალობის უნივერსიტეტის გუნდის კონცერტი.

9 ნოემბერს შემოქმედის მონასტერში წირვა აღავლინა შემოქმედელმა მიტროპოლიტმა იოსებმა (კიკვაძე) ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოს საბასთან (ინწკირველი) და ეპარქიის მღვდელმსახურებთან ერთად.

წირვაზე შემოქმედის სკოლის საგალობლები მგალობელ-მომღერალთა ანსამბლმა “შემოქმედმა” და გალობის უნივერსიტეტის გუნდმა შეასრულეს.

აღსანიშნავია, რომ გალობის უნივერსიტეტის სტუდენტთა გუნდი ფონდ „ქართული გალობის“ მხარდაჭერით (დამფუძნებლები: ივანე ჩხარტიშვილი, ნანა გოთუა) აქტიური საკონცერტო მოღვაწეობით გამოირჩევა.

2016 წელს გუნდი მონაწილეობდა საერთაშორისო ფოლკლორულ ფესტივალში „Parbeg laivelis“ (კლაიპედა, ლიტვა); ამავე წელს, ტრადიციული მრავალხმიანობის მერვე საერთაშორისო სიმპოზიუმში (თბილისი, საქართველო); 2017 წელს ფესტივალში „Les Buskers de Neuchâtel“ (ნოშატელი, შვეიცარია); 2018 წლის ოქტომბერში მეათე „საერთაშორისო ხელოვნების დღეებში“ (ტრაპიზონი, თურქეთი); 2019 წელს მესამე „სააღდგომო ფესტივალში“ (მინსკი, ბელარუსი).

გალობის უნივერსიტეტისა და ნოტრ დამის უნივერსიტეტის (აშშ) სტუდენტური გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, 2019 წლის იანვარში გალობის უნივერსიტეტის სტუდენტურმა გუნდმა ნოტრ დამის უნივერსიტეტში (აშშ) სოლო კონცერტი გამართა.

2018 და 2019 წელს გუნდი საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდული საგუნდო კოლექტივების ეროვნული კონკურსის გრან პრის (გალობა/სიმღერის კატეგორია) და ოქროს მედლის (გალობა/სიმღერის კატეგორია) მფლობელი გახდა.

ახალგაზრდები ხშირად მონაწილეობენ სხვადასხვა რეგიონში ჩატარებულ კონცერტებში და ეპარქიებში აღვლენილ წირვა-ლოცვებში.

დღეისთვის გუნდს გამოცემული აქვს ორი აუდიოალბომი.

 

 

პატრიარქის ნათლულების კონცერტი

11 ноября, 2019 - 17:02

ა.წ. 8 ნოემბერს თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში პატრიარქის ნათლულების კონცერტი ჩატარდა. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ნათლულების გუნდი და თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის სტუდენტები.

აღსანიშნავია, რომ მისი უწმინდესობის ნათლულების გუნდი 3 წლის წინ შეიქმნა ქ-ნ მაია მიქაბერიძის დიდი ძალისხმევით და უანგარო მუშაობით.  მათ რეპერტუარში  დღეისთვის უკვე შედის როგორც საგალობლები, ისე ფოლკლორული მუსიკა და ქართული კინომუსიკა.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება (10.11.2019)

10 ноября, 2019 - 19:26

ჩვენთან არს ღმერთი! 

გიფიქრიათ იმის შესახებ, თუ  რა არის  ყველაზე ძვირფასი საუნჯე ქვეყანაზე? ზოგს მიაჩნია სიმდიდრე, ზოგს  ფული, ძვირფასეულობა, მაგრამ სინამდვილეში ეს სიმდიდრე აცილებს ადამიანს მხოლოდ სამარის კარამდე. 

ყველაზე ძვირფასი საუნჯე დედამიწაზე არის ადამიანი! დაიმახსოვრეთ, ყველაზე ძვირფასი საუნჯე დედამიწაზე არის ადამიანი! 

ილია ჭავჭავაძემ ბრძანა შესანიშნავი სიტყვები: მამული, ენა, სარწმუნოება… მე ცოტა სხვანაირად გამოვთვქი: ღმერთი, სამშობლო,  ადამიანი. 

ადამიანი ამ ქვეყანაზე ყველაზე ძვირფასია. ღმერთი გვაძლევს ჩვენ სიბრძნეს, სიმშვიდეს, ღმერთი გვაძლევს  ყოველივე სიკეთეს. დავით წინასწარმეტყველი ამბობს: წყალობა შენი, უფალო, თანამავალ მეყავნ მე ყოველთა დღეთა ცხოვრებისა ჩემისათა“… ყოველი ადამიანი განუმორებელია და უნდა გავუფრთხილდეთ ერთმანეთს.

ჩვენ უნდა ვეძებოთ ადამიანები, განსაკუთრებით ისინი, რომელნიც თავდადებლნი არიან სამშობლოსათვის.  სამწუხაროდ კი გვახასიათებს ის, რომ: ჩვენ არ ვაფასებთ მათ,  არ გვესმის როგორი დიდი საუნჯეა  თითოეული მათგანი. დღეს მე მინდა კიდევ ერთხელ შეგახსენოთ, რომ ადამიანი ქმნის ისტორიას, ნიჭიერი ადამიანი ქმნის ისტორიას, როგორც ამას დიდი ბრიტანეთის ცნობილი პრემიერ–მინისტრი ამბოდა. 

ქართველი ადამიანი ხშირად არ აფასებს ნიჭიერ პიროვნებებს, უფრო სწორედ, უარყოფს და თრგუნავს, ებრძვის მათ. ასეთი პიროვნებები კი იმიტომ მოგვცა  ღმერთმა, რომ  ისინი  ხალხს დაეხმარონ უფალთან მისვლისათვის. 

გახსოვდეთ, რომ ადამიანის გარეშე დედამიწა არაფერია, დედამიწა მკვდარია! ამიტომ უნდა გაუფრთხილდეთ თქვენს შვილებს, მშობლებს, ახლობლებს. 

მე არაერთხელ მითქვამს თქვენთვის, რომ მშობლების პატივისცემა ეს არის დიდი ნიჭი. მცნება გვასწავლის: ,,პატივი ეც მამასა შენსა და დედასა შენსა, რათა კეთილი გეყოს შენ და დღეგრძელ იყო ქვეყანასა ზედა.“ მე არაერთხელ შეგახსენეთ თქვენ, რომ  ვისაც გყავთ მშობლები, ყოველდღე ხელზე ემთხვიეთ მათ და სთხოვეთ  კურთხევა და იმათი დალოცვა იქნება ღვთის ლოცვა–კურთხევა თქვენზე და ნიჭი მოგეცემათ  ღვთისაგან.

მინდა გითხრათ, რომ ყოველ ადამიანს აქვს რაიმე ნიჭი, ეს არის ღვთისაგან ბოძებული საჩუქარი, ეს ჩვენი დამსახურება კი არ არის,  ეს არის ღვთისაგან ბოძებული საჩუქარი და ეს უნდა დააფასოთ და ნიჭიერ ადამიანს მხარში უნდა ამოუდგეთ. 

არ არსებობს ადამიანი უნიჭო, მხოლოდ საჭიროა იმ ნიჭის გამოვლენა. შეიძლება მეცნიერი იყო, ნიჭიერი იყო მეცნიერებაში, შეიძლება ტექნიკაში, შეიძლება სოფლის მეურნეობაში. უნიჭო ადამიანი არ არსებობს. მოძებნეთ თქვენი ნიჭი და ღმერთი დააგვირგვინებს თქვენს ნიჭს დიდი წარმატებით, დიდი შედეგებით. 

შეურაცხყოფას ნუ მიაყენებეთ ერთმანეთს, ცილს ნუ დასწამებთ ერთმანეთს. გიყვარდეთ ერთმანეთი. წმინდა მოციქული იოანე ღვთისმეტყველი ამბობს: გიყვარდეთ ერთმანეთი და თქვენ იქნებით ბედნიერნი. 

,,წყალობა შენი, უფალო, თანამავალ მეყავ მე ყოველთა დღეთა ცხოვრებისა ჩემისათა.“ 

შეგახსენებთ, რომ ოთხშაბათს არის ჩვენი დიდი დღესასწაული – 100 000 მოწამის ხსენება. სადაც კი არის შესაძლებელი, სასურველია ჩატარდეს დილით წირვა, ხოლო 17:00 საათზე ყველგან, ქალაქებში, – რეგიონებში, სოფლებში ჩატარდეს პარაკლისი 100 000 მოწამისა. 100 000 მოწამე შეგეწევათ თქვენ. მეტეხის ხიდზე, მე თვითონ ვეცდები საღამოს 17:00 საათზე გადავიხადო პარაკლისი. დალოცვილი იყავით და გაიხარეთ.

 ჩვენთან არს ღმერთი!




საქართველოს საპატრიარქოს პოზიცია

6 ноября, 2019 - 14:24

საქართველოს საპატრიარქოს პოზიცია

(6.10.2019)

დაიწყო დიდი შეტევა ეკლესიაზე და ეროვნულ ფასეულობებზეც. ბოროტი ცდილობს, შეურაცხყოს და ეჭვქვეშ დააყენოს ყოველივე ღირებული, ხალხს იდენტობა დააკარგვინოს და იმედი ჩაუკლას, თანაც ამას სიმართლისა და სიკეთის სახელი დაარქვას.

გარკვეულ ძალას, როგორც ჩანს, დიდად აწუხებს ეკლესიის ავტორიტეტი,  მოსახლეობის სიყვარული ღვთისა და  ტრადიციული ღირებებულებისადმი  და მის შესარყევად სხვადასხვა მეთოდს მიმართავს.

შემთხვევითი არ არის, რომ 31 ოქტომბრის წმინდა სინოდის სხდომის შემდეგ განვითარებული მოვლენების ფონზე ახლა ლევან აკინის ქართულ-შვედური სოდომური ფილმის, – ,,და ჩვენ ვიცეკვეთ” ჩვენება დაიგეგმა ბათუმში და თბილისის სამ კინოთეატრში. როგორც ვიცით, აქ ნაჩვენებია ახალგაზრდა მოცეკვავის ცხოვრება, რომელიც რადიკალურად იცვლება მამათმავალ მეტოქესთან  დაკავშირების  შემდეგ და სცენა ამ ფონზე ვითარდება.

ცნობილია ისიც, რომ განზრახული ჰქონდათ, ეს სიუჟეტი სუხიშვილების ანსამბლთან დაეკავშირებინათ, რაზეც მტკიცე უარი მიიღეს. შეგახსენებთ ქალბატონ ნინოს ნათქვამს: ,,მე ვთვლი, რომ ქართული ცეკვა ეროვნულობის გამომხატველია, სადაც ჩანს თავისუფლებისმოყვარე ქართველი ერი, – მამაკაცური და ვაჟკაცური. ეს ცეკვებში და მოძრაობებშია გამოვლენილი. მე არ მინდოდა ჩემს ანსამბლში გადაეღოთ ასეთი სიუჟეტის ფილმი. ეს იქნებოდა ტყუილი,.. რადგან ქართულ ცეკვაში განსაკუთრებულად ჩანს მამაკაცის დამოკიდებულება ქალის მიმართ — კდემამოსილება, ტრფობა, პატივისცემა.”

ამ პოზიციის გამო ანსამბლის ხელმძღვანელებზე დაიწყო საერთაშორისო მასშტაბის შეტევა და ზეწოლა, რაც მეტად სამწუხაროა; სამაგიეროდ ჩვენი ეროვნული ღირსების შეურაცხმყოფელ ფილმს კანის ფესტივალზე VII ადგილი მიანიჭეს, ხოლო მსახიობი ლევან გელბახიანი ამერიკული ჟურნალ “W” -ს მიერ ამ ფესტივალის 15 კინოვარსკვლავთა შორის დასახელდა.

რა თქმა უნდა, ყოველივე ეს, პირველ რიგში, გაკეთდა იმისთვის, რომ შეცვალონ ჩვენი ხალხის ცნობიერება, დააცხრონ ლგბტ ურთიერთობისადმი საზოგადოებაში არსებული  უარყოფითი მუხტი და საბოლოო ჯამში მიაღწიონ ამ ცოდვის ლეგალიზებას.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ყოველთვის იყო, არის და იქნება კატეგორიულად შეურიგებელი როგორც საერთოდ ცოდვის, ისე, მითუმეტეს, სოდომური  ურთიერთობების პოპულარიზაციისა და დაკანონებისადმი. ამიტომაც ყოვლად მიუღებლად მიგვაჩნია ასეთი ფილმის კინო-თეატრებში ჩვენება.

ამასთან დავძენთ, რომ როგორც ადრე, ამჟამადაც, რა თქმა უნდა,  ჩვენის მხრივ, ვემიჯნებით ძალადობას და ძალადობრივ ქმედებებს.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ბ-ნი ბიძინა ივანიშვილი ეწვია

3 ноября, 2019 - 20:21

ა.წ. 3 ნოემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად ბ-ნ ბიძინა ივანიშვილს და მის მეუღლეს, ქ-ნ ეკატერინა ხვედელიძეს უმასპინძლა.

ბ-ნი ბიძინა შეეხო ბოლო დროს მომხდარ ხმაურიან მოვლენებს, რაც ცნობილ უპასუხისმგებლო ბრალდებებს მოჰყვა და საზოგადოებაში დიდი შფოთი გამოიწვია.  ითქვა ისიც, რომ მსგავსი ქმედებები არ არის მხოლოდ  ეკლესიის მიმართ შეტევა, არამედ მიმართულია ზოგადად სახელმწიფოს წინააღმდეგ.

მისმა უწმინდესობამ თავის მხრივ ყურადღება გაამახვილა საქართველოს წინაშე მდგარ სხვა გამოწვევებზეც და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე.

შეხვედრის დასასრულს კათოლიკოს-პატრიარქმა ბ-ნ ბიძინას და ქ-ნ ეკატერინას სტუმრობისთვის მადლობა გადაუხადა და დალოცა.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება (03.11.2019)

3 ноября, 2019 - 15:56

ჩვენთან არს ღმერთი!

მე დღეს ქადაგება არ მექნება, შეგონება მექნება. მწუხარებამ გაგვაერთიანა ერთმანეთთან და ღმერთთან. გაუფრთხილდით სამშობლოს და ეკლესიას. ამაშია ძალა ქართველი ერისა.

​გეძლევათ ლოცვა-კურთხევა, რომ დღეს სახარებიდან წაიკითხოთ ერთი თავი მთელ საქართველოში. ეს მოგცემთ თქვენ მადლსა და წყალობას. დალოცვილი იყავით.

მადლობელი ვარ თანადგომისათვის. თანადგომა გამოიჩინეს სხვა რელიგიების წარმომადგენლებმაც, მუსულმანებმა და სხვებმა.

გაიხარეთ, ჩვენთან არს ღმერთი!

დღეს ილოცებიან შემდეგი გვარები: ხარაბაძეები, ყაველაშვილები, ტეფნაძეები და ხვიჩავები.

 ღმერთმა დაგლოცოთ გაგახაროთ, გაგამრავლოთ, გაგაძლიეროთ, დალოცვილი იყავით. ღმერთმა სიხარული მოგცეთ. ღმერთმა დალოცოს თქვენი ოჯახები და შვილები.

ეპისკოპოს გრიგოლის (კაცია) ბიოგრაფიული მონაცემები

1 ноября, 2019 - 15:11

დაიბადა ქ. სოხუმში ექიმის ოჯახში. 1972 წელს.

 მამა: ვლადიმერ გრიგოლის ძე კაცია, ექიმი-ქირურგი.

დედა: ლუდმილა დავითის ასული რუხაია, ექიმი-სტომატოლოგი.

1982 წელს მოინათლა სოხუმის საკათედრო ტაძარში.

1989 წელს დაამთავრა ქ. სარატოვის საშუალო სკოლა, ხოლო 1995 წელს სარატოვის სამედიცინო უნივერსიტეტი.

 1997 წელს ჩაირიცხა ქ. მოსკოვის ასპირანტურაში _ სისხლძარღვთა და გულის ქირურგიის სამეცნიერო ცენტრში.

2000 წლის 29 ოქტომბერს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: ,,გულის იშემიური დაავადების ქირურგიული მკურნალობა” და მიენიჭა მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი.

2004 წლის 7 მაისს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია და მიენიჭა მედიცინის მეცნიერებათა დოტქორის წოდება.

2005 წელს საქართველოში დაბრუნდა.

2005-2010 წლებში სწავლობდა თბილისის სასულიერო აკადემიაში.

2010 წლის 26 აგვისტოს სიონის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საპატრიარქო ტაძარში ბერად აღიკვეცა და სახელად გრიგოლი ეწოდა.

2010 წლის 28 აგვისტოს ამავე ტაძარში ეკურთხა დიაკვნად და განმწესდა თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ლავრაში.

2010 წლის 14 ნოემბერს უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ მღვდლად დაასხა ხელი და დაადგინა  თბილისის მამა დავითის წმ. დავით გარეჯელის სახელობის მამათა მონასტერში.

2013 წლის 11 ოქტომბერს საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომაზე გამოარჩიეს ეპისკოპოსად.

მისი კურთხევა მოხდა 2013 წლის 4 დეკემბერს სვეტიცხოვლის თორმეტი მოციქულის სახელობის საპატრიარქო ტაძარში.

2015 წლის 13 იანვრიდან იგი აგარაკ-წალკის ეპარქიის მმართველია.

წმინდა სინოდის სხდომის ოქმი (31.10.2019)

31 октября, 2019 - 18:51

წმინდა სინოდის სხდომა ჩატარდა თბილისის საპატრიარქო რეზიდენციაში.

სხდომას ესწრებოდა 42 მღვდელმთავარი, სხდომას თავმჯდომარეობდა უწმინდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია II.

სხდომის მდივნად დასახელდა ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტი დანიელი (დათუაშვილი).

წმინდა სინოდის სხდომა გახსნა და მღვდელმთავრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ.

მისმა უწმინდესობამ ისაუბრა წმინდა სინოდის მღვდელმთავართა პასუხისმგებლობის შესახებ, ღვთისა და მამულის წინაშე. მან ბრძანა: ,,ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, როგორც ეკლესიაში, ასევე ქვეყანაში მშვიდობის დამკვიდრებისათვის. ჩვენ არ უნდა მივცეთ საბაბი საზოგადოებას დაბრკოლდეს ეკლესიისა და სარწმუნოების მიმართ.

დღეს ჩვენ აქ შევიკრიბეთ, არა იმისათვის რომ ვინმე დავსაჯოთ, არამედ იმისათვის რომ დავეხმაროთ ერთმანეთს. ჩვენ კი არ უნდა დავუმძიმოთ ერთმანეთს ტვირთი, არამედ უნდა შევუმსუბუქოთ. მიუხედავად იმისა, რომ ჩემთვის არაერთხელ დაუმძიმებიათ ჯვარი, მე არასოდეს მიფიქრია ვინმეს დასჯა. მე მუდამ მხოლოდ თქვენს დახმარებაზე ვფიქრობ.

მე აღვიზარდე ისეთ ოჯახში სადაც მუდამ იყო დიდი კრძალვა ღვთისადმი და თანაგრძნობა მოყვასისადმი. ჩვენი ოჯახი არაერთხელ იფარავდა დევნილ სამღვდელოებას.

დღეს რთული დროა. ჩვენ უნდა გავიაროთ ბეწვის ხიდზე. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ერი არ დაბრკოლდეს, ჩვენი ქცევისა და გამოსვლების გამო. ყოველ მღვდელმთავარს აქვს დადებული ფიცი ღვთისა და პატრიარქის წინაშე ერთგულებისა და ამ ფიცის დარღვევის შემთხვევაში, იგი დიდ ცოდვას იდებს საკუთარ თავზე.

დროის სირთულიდან გამომდინარე არ არის საკმარისი სინოდის წელიწადში ორჯერ მოწვევა. სინოდი უნდა იქნას მოწვეული უფრო ხშირად, ყოველი პრობლემის შემთხვევაში.

ერთერთი ასეთი პრობლემა არის დეკანოზ გიორგი მამალაძის  საკითხი. ჩვენმა სიყვარულმა უნდა დაფაროს უარყოფითი მხარე, რაც მან გამოიჩინა.

  1. წმინდა სინოდმა მოისმინა საკითხი დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების თაობაზე. ამ საკითხთან დაკავშირებით სხვადასხვა მოსაზრებები გამოთქვეს:

ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ (ჭუაძე),

გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრიამ (გვაზავა),

წალკელმა ეპისკოპოსმა გრიგოლმა (კაცია),

მარნეულისა და ხუჯაბის ეპისკოპოსმა გიორგიმ (ჯამდელიანი),

ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა პეტრემ (ცაავა), რუსთველმა მიტროპოლიტმა იოანემ (გამრეკელი), დმანისისა და ლორე-ტაშირის მთავარეპისკოპოსმა ზენონმა (იარაჯული), ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტმა საბამ (გიგიბერია), ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსმა საბამ (ინწკირველი), ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა (ფაჩუაშვილი), ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა დიმიტრიმ (შიოლაშვილი).

 

წმინდა სინოდმა განაჩინა:

დეკანოზ გიორგი მამალაძეს, რომელსაც შეჩერებული აქვს მღვდელმსახურება, გაეწიოს შუამდგომლობა საქართველოს პრეზიდენტთან შეწყალების თაობაზე, მისი ოჯახის რთული მდგომარეობისა და  არაერთგზის თხოვნის გათალისწინებით.

  1. წმინდა სინოდმა განიხილა მთავარეპისკოპოს იაკობის (იაკობაშვილი) მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხადებები. მთავარეპისკოპოსმა იაკობმა გამოხატა სინანული თავისი არაკორექტული საჯარო გამოსვლების გამო.

წმინდა სინოდმა განაჩინა: მთავარეპისკოპოს იაკობს მღვდელმთავრისათვის შეუფერებელი საქციელის გამო მიეცეს გაფრთხილება, ხოლო განმეორების შემთხვევაში მიღებულ იქნას მკაცრი ზომები.

  1. მღვდელმთავრებმა იმსჯელეს მიტროპოლიტ პეტრეს (ცაავა) მიერ, კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ისა და წმინდა სინოდის მიმართ საჯაროდ არაერთგზის გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადებების თაობაზე.

წმინდა სინოდის წევრებმა აღნიშნეს, რომ  ეკლესიის ისტორიაში ჩვენ ვერ ვნახავთ პატრიარქის შეურაცხყოფის მსგავს მაგალითს. უწმიდნესმა ბრძანა, რომ მეუფე პეტრე იყო გამორჩეული მღვდელმთავარი, იგი იყო ახალშექმნილი ხევის პირველი ეპისკოპოსი და მეტად სამწუხაროა მისი ამგვარი ცვლილება.

წმინდა სინოდის მღვდელმთავრებმა კათოლიკოს-პატრიარქის არაერთგზის შეურაცხყოფის, დაუსაბუთებელი ბრალდებების, ხშირ შემთხვევაში ცილისწამებებისა და სხვა კანონიკური დარღვევების გამო, ერთხმად მოუწოდეს მეუფე პეტრეს სინანულისაკენ.

 მიტროპოლიტმა პეტრემ არ სცნო თავი დამნაშავედ და არ დაეთანხმა სინოდის მოწოდებას მონანიების თაობაზე.

წმინდა სინოდმა განაჩინა:

მიტროპოლიტ პეტრეს, მოციქულთა 55-ე კანონის საფუძველზე (სადაც ნათქვამია, რომ მკაცრად ისჯება სასულიერო დასის წევრი (კლერიკოსი),[1] რომელიც შეურაცხყოფს საკუთარ ეპისკოპოსს) აეკრძალოს მღვდელმოქმედება, განთავისუფლდეს ეპარქიის მმართველობისა და წმინდა სინოდის წევრობისაგან და გამწესებულ იქნას მონასტერში მოსანანიებლად.

ჭყონდიდის ეპარქიის დროებით მმართველად დაინიშნოს ეპისკოპოსი გრიგოლი (კაცია).

  1. ქუთაისისა და გაენათის ეპარქიაში მღვდელმთავრის დანიშვნის შესახებ.

წმინდა სინოდმა მოისმინა ქუთაისისა და გაენათის ეპარქიაში მღვდელმთავრის დანიშვნის საკითხი და განაჩინა:

ქუთაისისა და გაენათის ეპარქიის მღვდელმთავრად დაინიშნოს მიტროპოლიტი იოანე (გამრეკელი).

რუსთავის ეპარქია დროებით დაექვემდებაროს მცხეთა- თბილისის ეპარქიას.

[1] ცნობილი სერბი კანონისტის, ნიკოდიმოს მილაშის განმარტებით (ტრულის კრების  77-ე კანონზე დართულ კომენტარში), კლირიკოსში (κλήρος) მოიაზრება,  როგორც სამღვდელო დასი; ანუ ეპისკოპოსი, მღვდელი და დიაკონი; ისე დაბალი რანგის ეკლესიის მსახურნი: იპოდიაკონი, მედავითნე, მგალობელი და სხვა. (იხ. ნიკოდიმოს მილაში ,,მსოფლიო კრებათა კანონების განმარტება)

Страницы