Грузинская Православная Церковь

Подписка на Лента Грузинская Православная Церковь
საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური წმინდა მართლმადიდებელი ეკლესია
URL-адрес: http://patriarchate.ge
Обновлено: 51 мин. 28 сек. назад

საბუთების მიღება 61-ე ნათლობისათვის

29 октября, 2019 - 16:49

იწყება 61-ე ეტაპი ახალდაბადებული მესამე და შემდგომი ბავშვის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მიერ მონათვლისა.

ნათლობის მსურველთა რეგისტრაცია იწარმოებს საქართველოს საპატრიარქოში 6 ნოემბრიდან 10 ნოემბრის ჩათვლით 12:00-დან 16:00 საათამდე.

რეგისტრაციის მსურველებმა თან უნდა იქონიონ:

მშობლების პირადობის მოწმობების ასლები;

მშობლების ჯვრისწერისა და ქორწინების მოწმობების ასლები;

შვილების დაბადებისა და ნათლობის მოწმობების ასლები;

მოსანათლის 2 ფოტო 3X4-ზე დაბეჭდილი CD დისკით;

ოჯახის 1 ფოტო 10×15-ზე დაბეჭდილი CD დისკით.

საკონტაქტო ტელეფონები: 593 900 810; 558 651 159; 593 464 571

ასურეთის აღმოსავლური ეკლესიის დელეგაციის ვიზიტი საქართველოს საპატრიარქოში

29 октября, 2019 - 16:45

ა.წ. 29 ოქტომბერს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსმა, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ (ჭუაძე) ასურეთის აღმოსავლური ეკლესიის საგარეო ურთიერთობების ხელმძღვანელი და სინოდის მდივანი – ეპისკოპოსი მარ აბა რუბელი, ასევე ირანის ეპისკოპოსი – მარ ნარსაი ბენიამენი და მათი თანმხლები პირები მიიღეს.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის ვიზიტი აშშ-ში

24 октября, 2019 - 12:22

ა.წ. 20 ოქტომბერს დაიწყო და კვლავ გრძელდება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ოფიციალური დელეგაციის ვიზიტი აშშ-ში. 2019 წლის 22 ოქტომბერს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტში ორი მეტად მნიშვნელოვანი შეხვედრა შედგა. დელეგაციის წევრები შეხვდნენ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილეს კავკასიისა და აღმოსავლეთ ევროპის საკითხებში ჯორჯ კენტს, შემდეგ ასევე ცალკე შეხვედრა გაიმართა სემ ბრაუნბეკთან, აშშ-ის საგანგებო დავალებათა ელჩთან საერთაშორისო რელიგიური თავისუფლების საკითხებში. შეხვედრებზე, რომლებიც უშუალო გაცნობასა და შუამავლი ორგანიზაციების გარეშე ურთიერთობას გულისხმობდა, ისაუბრეს სამომავლო გეგმებსა და თანამშრომლობაზე. 

ვფიქრობთ, ასეთი უშუალო ურთიერთობები და კონტაქტები  სწორ და ქმედით შედეგს გამოიღებს, რადგან ეკლესიას ეძლევა შესაძლებლობა, სხვათა შუამავლობის გარეშე თავად ისაუბროს და გააცნოს ინფორმაცია დაინტერესებულ მხარეს ეკლესიის საქმიანობისა და მიმდინარე მოვლენების შესახებ. 

შეხვედრის ერთ-ერთი საკითხი იყო ოკუპირებულ ტერიტორიებზე დევნილთა დაბრუნების თემა და იქ მცხოვრებ პირთა სოციალური მდგომარეობა. დასასრულს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) მასპინძლებს წმინდა გიორგის ხატები უსახსოვრა. 

აღსანიშნავია, რომ ჯორჯ კენტი საქართველოს ორ კვირაში ეწვევა.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება (20.10.2019)

20 октября, 2019 - 14:47

ჩვენთან არს ღმერთი! 

გილოცავთ ამბროსი ხელაიას ხსენების დღეს. უწმინდესი და უნეტარესი ამბროსი ხელაია იყო დიდი მოღვაწე, თავდადებული მოღვაწე.  დიდი გაჭირვება და განსაცდელი გამოიარა მან. ჩვენ ქედს ვიხრით მის წინაშე. ეკლესიამ აღიარა ის როგორც წმინდანი, როგორც აღმსარებელი. მისი ლოცვა შეგვეწიოს. 

დღეს კიდევ ერთი დღესასწაულია, – დღესასწაული ამერიკის სამღვდელოებისა, ქართველი სამღვდელოებისა და მრევლისა, – 10 წლისთავია აშშ-ში ქართული ეკლესიის გახსნისა. ამ თარიღს ვულოცავ ეპისკოპოს საბას, რომელიც ამჟამად ხელმძღვანელობს ამერიკის ეკლესიას. პირველი მრევლი და სამღვდელოება კი ძირითადად იყო დაარსებული ბათუმის მიტროპოლიტის, მეუფე დიმიტრის მიერ. 

ჩვენგან წავიდა დიდი დელეგაცია, რომ მიიღონ მონაწილეობა ამ ზეიმში. 

დღეს ვლოცავთ შემდეგ გვარებს: დილებაშვილებს, ბიჭაშვილებს, ბადრიძეებს, ბერიტაშვილებს, ხოხაშვილებს და გულიშვილებს. 

ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, გაგამრავლოთ და ღმერთმა მოგცეთ ბრძენი შვილები, თავდადებული სამშოვბლოსათვის. 

დღეს ასევე ილოცებიან საქართველოს მოჭადრაკეთა ნაკრების წევრები და მისი ხელმძღვანელი ბ-ნი გიორგი გიორგაძე. ღმერთმა დაგლოცოთ სპორტსმენები, ჩვენ ვამაყობთ თქვენი მოღვაწეობით. 

ყველანი დალოცვილი და გახარებული გამყოფოთ მამაზეციერმა. 

ჩვენთან არს ღმერთი!

მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევით იღუმენი სპირიდონი (აბრალავა) აღყვანილ იქნა არქიმანდრიტის ხარისხში. 

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება სვეტიცხოვლობის დღესასწაულზე (14.10.2019)

14 октября, 2019 - 17:40

ჩვენთან არს ღმერთი

გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს. 

,,დიდ ხარ შენ უფალო და საკვირველ არიან საქმენი შენნი და ვერვინ შემძლებელ არს მადლის მიცემად საკვირველებათა შენთა.”

საკვირველია ჩვენი წარსული, ჩვენი აწმყო და უფრო საკვირველი იქნება ჩვენი მომავალი. 

პიროვნებას აქვს უდიდესი მნიშვნელობა. თქვენ წარმოიდგინეთ წმინდა ნინო რომ არ ყოფილიყო, წმ. მეფე-დედოფალი მირიანი და ნანა არ ყოფილიყო, სიდონია არ ყოფილიყო, ქრისტიანობა არ მიგვეღო (IVს-ში), ვინ ვიქნებოდით ჩვენ? 

ჩვენ ვიქნებოდით რიგითი ადამიანები. ეხლა წყალობა ღვთისა ნათლად ჩანს და ეს წყალობა ღვთისა უნდა შევინარჩუნოთ. უნდა დავაფასოთ. უნდა დავაფასოთ პიროვნება. პიროვნებას უნდა შევუწყოთ ხელი და ამ შემთხვევაში ჩვენ მივაღწევთ დიდ წარმატებას. 

სვეტიცხოვლობა არის უდიდესი დღესასწაული. შემთხვევით არ არის რომ სვეტიცხოვლობა და მცხეთობა ერთ დღეს აღინიშნება. 

მე მახსენდება წარსული წლები, როცა კომუნისტური რეჟიმი იყო და ბევრი გაჭირვება ჰქონდა საქართველოს ეკლესიას და ქართველ ხალხს. ვერავინ ახსნის, როგორ გავუძელით ათასგვარ შემოტევას, როგორ მოვედით დღევანდელ დღემდე. ჩვენ ვმადლობთ უფალს, რომ გამოვიარეთ ეს განსაცდელი და დიდი მწუხარება გარდაიქცა სიხარულად. სიხარული არ მოგაკლოთ მამაზეციერმა თქვენ და საქართველოს.

ღმერთი მოწყალეა, ჩვენ რომ ვამბობთ, ჩვენთან არს ღმერთი, ეს ყველაფერზე მეტყველებს. ეს მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენ მარტონი არა ვართ, ჩვენთან არს ღმერთი!

მოხარულნი ვართ, რომ წირვას ესწრება პრემიერ-მინისტრი, თბილისის მერი, პარლამენტის თავმჯდომარე, ქვეყნის პრეზიდენტი. 

ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს. დალოცვილი იყავით, გაიხარეთ. 

მინდა ვთხოვო პრემიერ-მინისტრს, რომ მიულოცოს ჩვენს მრევლს.

პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია

რა თქმა უნდა, დღეს სრულიად საქართველო ზეიმობს და აღნიშნავს სვეტიცხოვლობას. სვეტიცხოველი არის ქართული ეკლესიის სიმბოლო და მცხეთა თავად არის ქართული ისტორიის სიმბოლო. თითოეულ ქართველს გილოცავთ ამ დღეს. ჩემთვის დიდი პატივია, რომ მომეცა საშუალება აქედან მოგილოცოთ  ეს დღე. გილოცავთ!

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი თურქეთის რელიგიურ საქმეთა სამმართველოს უფროსის მოადგილეს შეხვდა

11 октября, 2019 - 14:15

ა.წ. 11 ოქტომბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად თურქეთის რელიგიურ საქმეთა სამმართველოს უფროსის მოადგილე, დოქტორი სელიმ არღუნი, თურქეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, ქ-ნი ფატმან ჯერენ იაზგანი და დელეგაციის სხვა წევრები მიიღო.  

შეხვედრას ასევე ესწრებოდა საქართველოში რელიგიის სააგენტოს თავმჯდომარე ბ-ნი ზაზა ვაშაყმაძე. 

ქართული მხარის მიერ გამოიხატა მადლიერება ტაო-კლარჯეთში მდებარე ქართული ტაძრების აღდგენის გამო და გამოითქვა იმედი, რომ აღნიშნულ სამუშაოებში თურქეთის ხელისუფლება უზრუნველყოფს საქართველოს საპატრიარქოს ხუროთმოძღვრების, ხელოვნებისა და რესტავრაციის ცენტრის ჩართულობას.

,,საქართველო ჩვენთვის არამხოლოდ მეზობელი და მეგობარი, არამედ ნათესავია. პირადად მე ბებიის მხრიდან ქართული წარმოშობა მაქვს. თქვენო უწმინდესობავ, ჩემთვის დიდი პატივია თქვენთან შეხვედრა. თქვენ არამხოლოდ საქართველოსთვის და ქართველებისთვის ბრძანდებით მნიშვნელოვანი პიროვნება, არამედ მთლიანად რეგიონისთვის.” – განაცხადა თურქეთის რელიგიურ საქმეთა სამმართველოს უფროსის მოადგილემ. ბ-ნმა სელიმ არღუნმა დასძინა, რომ საქართველოში მუსულმანები თავს დაცულად გრძნობენ და საკუთარ რწმენას დაუბრკოლებლად აღიარებენ. მისივე განცხადებით, ანალოგიური ვითარებაა თურქეთში ქრისტიანებთან მიმართებაში. 

მისმა უწმინდესობამ აღნიშნა, რომ თურქეთსა და საქართველოს შორის კეთილმეზობლობა ორივე ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია. ,,არ არსებობს საკითხი, რომელიც ვერ მოგვარდება, ჩვენ უნდა ვისაუბროთ და ძმური სიყვარულით გადავწყვიტოთ პრობლემები”.

საქართველოს ეკლესიის მღვდელმთავრებმა მადლიერებით აღნიშნეს თურქეთის ელჩის, ქ-ნ ფატმან ჯერენ იაზგანის დამსახურება ორმხრივი თანამშრომლობის საქმეში.

შეხვედრის დასასრულს მხარეთა მიერ კიდევ ერთხელ გამოითქვა სურვილი და მზაობა მეგობრული კავშირების განმტკიცებისა და თანამშრომლობის გაღრმავებისა.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ,,ქართულ-აფხაზური საგას” წევრებს უმასპინძლა

9 октября, 2019 - 12:47

ა.წ. 8 ოქტომბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა პროექტ ,,ქართულ-აფხაზური საგას” წევრებს უმასპინძლა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებში სახალხო დიპლომატიის მნიშვნელობას. 

,,ქართულ-აფხაზური საგა” მიზნად ისახავს აფხაზეთში მოღვაწე ექიმებისთვის კვალიფიკაციის ამაღლებას და სამედიცინო ინვენტარით უნზრუნველყოფას. 

,,აფხაზებს უნდა ახსოვდეთ – ბრძანა მისმა უწმინდესობამ,- რომ, აფხაზეთი და აფხაზები ჩვენს გულშია, გულით ატარებს ქართველი ადამიანი აფხაზეთს. მტერი ცდილობს ჩვენს გაყოფას, მაგრამ ვერ შეძლებს. ჩვენ ვიყავით და ვიქნებით ერთად. დალოცოს ღმერთმა მთლიანი საქართველო!”

შეხვედრაზე წაკითხულ იქნა მიმართვა, სადაც გამოხატულია გულისტკივილი იმ პრობლემების გამო, რაც ბოლო პერიოდში შეიქმნა ჩვენს ხალხებს შორის და გამოთქმულია იმედი, ღვთის მადლით სიტუაციის შეცვლისა.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი გერმანიის პრეზიდენტს შეხვდა

7 октября, 2019 - 19:18

ა.წ. 7 ოქტომბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა საქართველოს ეკლესიის მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტი ბ-ნ ფრანკ ვალტერ შტაინმაიერი, მისი მეუღლე და დელეგაციის სხვა წევრები  მიიღო. 

მისმა უწმინდესობამ პრეზიდენტს სტუმრობისთვის და საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა: თქვენი ვიზიტი მეტად მნიშვნელოვანია; მოგეხსენებათ, პრობლემები ბევრია მთელს მსოფლიოში და მათ შორის საქართველოში. მიგვაჩნია, რომ ყველაზე დიდი და მტკივნეული ჩვენთვის მაინც არის ტერიტორიული მთლიანობის  საკითხი. საქართველოს 20% მიტაცებული არის სხვა ქვეყნის მიერ, მაგრამ მინდა ვთქვა, რომ რუსეთსაც მძიმე ტვირთად აწევს ეს თემა. ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რათა აღნიშნული პრობლემა სამართლიანად გადაწყდეს. ჩემი აზრით, სამხედრო ბაზები უნდა იყოს აღებული ამ ტერიტორიიდან. მიგვაჩნია, რომ გერმანიას აქვს იმდენი ძალა და ავტორიტეტი, რომ აქტიური მონაწილეობა მიიღოს ამ პროცესში. თქვენ ისეთი გზა გაქვთ გამოვლილი დიპლომატიურ მუშაობაში, რომ არ გაგიჭირდებათ არსებული ვითარების ადგილიდან დაძვრა. 

გერმანიის პრეზიდენტმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა: თქვენო უწმინდესობავ, ჩემთვის დიდი პატივია თქვენი გაცნობა. საქართველოზე როდესაც ვსაუბრობთ, არ შეიძლება, არ ვისაუბროთ იმ დიდ პრობლემასა და გამოწვევაზე, რაც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიის ოკუპაციას ეხება. დღეს დილას შევხვდი საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერსა და პარლამენტის თავმჯდომარეს. ვისაუბრეთ სხვადასხვა საკითხზე, იმ გამოწვევებსა და მდგომარეობაზე, რაც საქართველოში არსებობს. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ საქართველომ შთამბეჭდავი გზა განვლო დემოკრატიის, ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან დაახლოებისა და შიდა რეფორმების მიმართულებით. სამ ძირითად მიმართულებას გამოვყოფდი – ასოცირების და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების დადება, ასევე ვიზალიბერალიზაციას, რაც მართლაც დიდი მიღწევაა. ხვალ დელეგაციასთან ერთად გავემგზავრებით ადმინისტრაციულ საზღვართან, სადაც დაგვხვდებიან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები. ბოლო თვეების განმავლობაში გახშირდა აქ საზღვრების ხელახლა გავლება და კონტროლი, რაც ძალიან ცუდად მოქმედებს ადამიანებზე, რომლებიც ორივე მხარეს ცხოვრობენ…

მისმა უწმინდესობამ გერმანიის პრეზიდენტს ქართული სამრევლოების, ქართველი სტუდენტებისა და გერმანიაში დასაქმებული ქართველების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა, ხოლო საქართველოს საპატრიარქოს საგარეო განყოფილების თავმჯდომარემ, მიტროპოლიტმა გერასიმემ (შარაშენიძე) სთხოვა დახმარება ბერლინსა და მიუნხენში ქართული სამრევლოსთვის ეკლესიისთვის ადგილის გამოყოფაზე. 

შეხვედრის დასასრულს მისმა უწმინდესობამ და გერმანიის პრეზიდენტმა ერთმანეთს სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს და იმედი გამოთქვეს, რომ ჩვენ ქვეყნებს შორის კულტურული და საქმიანი კავშირები კიდევ უფრო განმტკიცდება.

რუსთავში შშმ პირთა ცეკვისა და სიმღერის საერთაშორისო კონკურსი ჩატარდა

7 октября, 2019 - 18:38

ა.წ. 6 ოქტომბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით რუსთავის პროფესიულ-დრამატულ თეატრში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სიმღერისა და ცეკვის საერთაშორისო ფესტივალის – „ივერია ბრილიანტი“ გალა კონცერტი გაიმართა.

ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში, გერმანიის, უკრაინის, ისრაელის, სომხეთის, აზერბაიჯანის, თურქეთის, პოლონეთისა და საქართველოს50-ზე მეტი წარმომადგენელი მონაწილეობდა. 

საუკეთესო კონკურსანტები ჟიურიმ შეაფასა და გამარჯვებულებს სპეციალურ დიპლომებთან ერთად საჩუქრები გადაეცათ. 

ღონისძიებას ესწრებოდნენ რუსთავის მერი ბ-ნი ირაკლი ტაბაღუა, პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი ლადო კახაძე, რუსთავის მერის მოადგილეები – ბესიკ ტოგონიძე და გოჩა ლორია, საკრებულოს წევრები, სასულიერო პირები და სხვა მოწვეული სტუმრები. 

კონკურსი ბ-ნ ნუგზარ ჭიაბერაშვილის ორგანიზებით და რუსთავის მერიის ხელშეწყობით გაიმართა.

ფესტივალის საუკეთესო მონაწილენი უკრაინასა და აზერბაიჯანში საერთაშორისო კონკურსებზე გაემგზავრებიან.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება (06.10.2019)

7 октября, 2019 - 10:54

ჩვენთან არს ღმერთი

ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა დალოცოს სრულიად საქართველო. ჩვენ ვცხოვრობთ ძალიან რთულ დროს. ბოროტი სული საშინლად ებრძვის ადამიანს და თქვენ უნდა ფრთხილად იყოთ. ყოველდღე, საღამოს, უნდა ასხუროთ ნაკურთხი წყალი თქვენს ოთახებს, თქვენს ეზო-კარს და ძილის წინ აუცილებლად წაიკითხოთ ლოცვები.

ხშირი შემთხვევაა, როცა ახალგაზრდები იკლავენ თავს და იღუპება ადამიანის სული. ეს ყველაფერი ბოროტი სულის გავლენაა. ამიტომ თვეში ერთხელ მაინც მღვდელს უნდა აკურთხებინოთ თქვენი საცხოვრებელი.

დღესაც ჩვენ მოგვივიდა ორი შეტყობინება, რომ მაღალი სართულიდან გადმოვარდა ორი ადამიანი. ფრთხილად უნდა ვიყოთ და ვიფიქროთ, რით წარვდგებით წინაშე ღვთისა.

ყველაზე დიდი ძალა, რომელიც თქვენ დაგეხმარებათ და ჩვენ დაგვეხმარება, არის ქველმოქმედება, თანადგომა გაჭირვებული ადამიანისა. ცხოვრების მიზანი უნდა იყოს ღვთის სადიდებლად გაჭირვებული ხალხის დახმარება. ზოგიერთი მიზნად ისახავს დააგროვოს სიმდიდრე, ეს სიმდიდრე სამარის კარამდე მიაცილებს მას, მერე კი ტოვებს.

იყო ასეთი შემთხვევა: ერთ ქვეყანაში ცხოვრობდა მეტად მდიდარი ადამიანი თავის ცოლ-შვილით. აგროვებდნენ სიმდიდრეს. ცოლი ავად იყო და ადარდებდა მხოლოდ ის – ვის დარჩება ჩემი სიმდიდრეო. სიკვდილის წინ გამოატანინა თავისი ყველაზე ძვირფასი კაბა, რომელიც მოქარგული იყო თვალ-მარგალიტით, მაგრად ჩასჭიდა ხელი და ასე გარდაიცვალა. რადგან ხელი ვერ გაუნთავისუფლეს გარდაცვლილს, ოჯახმა შემოაჭრა იმ კაბას დაჭერილი ნაწილი და ის წაიღო საიქიოს იმ ქალბატონმა.

მე კიდევ ერთხელ ყველას გეხვეწებით, გაუფრთხილდით და დაიფარეთ ოჯახები თქვენი, დაიფარეთ შვილები თქვენი.

არავითარ შემთხვევაში წყევლა არ წამოგცდეთ შვილისა ან ადამიანისა. ვინც იწყევლება, თავის თავსაც წყევლის და თავის ოჯახსაც. 

ჩვენი დროის სირთულე მეტყველებს იმაზე, რომ ქვეყნის აღსასრული არც ისე შორს არის, ახლოს არის და სწერია ბიბლიაში: როცა ბოროტი სული მიხვდება რომ აღსასრული მოდის, გააძლიერებს ბრძოლას ადამიანთან.

ჯვარი გეწეროთ, ღმერთმა დაგიცვათ და დაგიფაროთ ხილული და უხილავი მტრებისგან.

დღეს ჩვენ ვაჯილდოებთ სამღვდელოებას, ვლოცავთ ოჯახებსა და გვარებს.

დეკანოზი გიორგი დორეული დაჯილდოებულია მიტრის ტარების უფლებით. აქსიოს!

დეკანოზი მიქაელი გვარამაძე, დაჯილდოებულია მიტრის ტარების უფლებით. აქსიოს!

დეკანოზი სერგი ლომიძე, დაჯილდოებულია გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით. აქსიოს!

მღვდელი იოანე საბანაძე, აღყვანილია დეკანოზის ხარისხში და დაჯილდოებულია ოქროს ჯვრის ტარების უფლებით. აქსიოს!

მღვდელი დავით შაყულაშვილი აღყვანილია დეკანოზის ხარისხში და დაჯილდოებულია ოქროს ჯვრის ტარების უფლებით. აქსიოს!

მღვდელი იოანე ჩალიგავა აღყვანილია დეკანოზის ხარისხში და დაჯილდოებულია ოქროს ჯვრის ტარების უფლებით. აქსიოს!

მღვდელი ლევან ანთაძე აღყვანილია დეკანოზის ხარისხში და დაჯილდოებულია ოქროს ჯვრის ტარების უფლებით. აქსიოს!

მღვდელი გიორგი ჯულუხაძე აღყვანილია დეკანოზის ხარისხში და დაჯილდოებულია ოქროს ჯვრის ტარების უფლებით. აქსიოს!

დღეს ილოცებიან შემდეგი გვარები: ყაზარაშვილები, ბაზალები, ბოგველები, ედილაშვილები, ჯვარაძეები, თეზუაშვილები, ბეზუაშვილები და დარბაიძეები.

ჩვენთან ასევე მობრძანებულები არიან ახალგზარდების არასამთავრობო ჯგუფის ხელმძღვანელები, რომლებიც მრავალ კეთილ საქმეს აკეთებენ და ცდილობენ, შეიტანონ წვილი ქვეყნის განვითარებაში, ესენია: ჯაბა კანტიძე, რატი ხითარიძე და ლუკა გიორგაძე. 

ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, გაგამრავლოთ. ღმერთმა დალოცოს თქვენი ოჯახები და თქვენს მიერ აღსრულებული კეთილი საქმეები!

საქართველოს საპატრიარქოს პოზიცია (04.10.2019)

4 октября, 2019 - 15:23

საქართველოს საპატრიარქოს პოზიცია

04.10.2019

როგორც ცნობილია, დეკანოზ გიორგი მამალაძესთან დაკავშირებით უკვე შვიდი თვეა საზოგადოებას მიეწოდება ინფორმაცია, რომ იგი მძიმედაა ავად და ამ მოტივით ითხოვდნენ შუამდგომლობას ეკლესიისგან და შეწყალებას ხელისუფლებისგან.

მიუხედავად იმისა, რომ მამალაძისგან და მის მხარდამჭერთაგან შანტაჟი და ცილისმწამებლური კამპანია ორ წელიწადზე მეტია მიმდინარეობს (და ამის პასუხად ჩვენი პოზიცია ბოლოს ა.წ. 26 თებერვლის განცხადებაში დავაფიქსირეთ), ავადმყოფი პატიმრის მიმართ ეკლესია მაინც ვერ დარჩებოდა გულგრილი და გადადგამდა შესაბამის ნაბიჯს, თუ, რა თქმა უნდა, სათანადო საფუძველი იქნებოდა; ვინაიდან დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით არსებობდა ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია, ამიტომაც საქართველოს საპატრიარქომ არაერთხელ მიმართა როგორც იუსტიციის სამინისტროს, ისე სახალხო დამცველს რეალობის გასარკვევად.

სამწუხაროდ, სახალხო დამცველმა ბუნდოვანი პასუხი მოგვცა, ხოლო იუსტიციის სამინისტროდან სამი კვირის წინ მიღებულ წერილში აღნიშნულია, რომ ჩვენი მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვის თანხმობა უნდა ყოფილიყო დაზარალებულის მხრიდან.

ეს პასუხი საზოგადოებასთან ურთიერთობის ჩვენი სამსახურის ხელმძღვანელმა თავის გვერდზე გამოაქვეყნა და ველოდებოდით პატიმრობაში მყოფისაგან გამოხმაურებას, რაც არ მომხდარა.

ა.წ. 1 ოქტომბერს კი უკვე საინფორმაციო სააგენტო ,,პრაიმ-ტაიმმა’’ სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნის ნაწილი გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია რომ დეკანოზ გიორგი მამალაძის ,,ქცევა ატარებს დაყენებით (სიმულაციურ) ხასიათს.’’

ცოტა ხნით ადრე დაიბეჭდა ადვოკატ მიხეილ რამიშვილის წერილი, სადაც იგიც აღნიშნავდა, რომ, კვლევების შედეგებით დეკანოზის მხრიდან ავადმყოფობის სიმულაციას (მოგონებას) აქვს ადგილი, თუმცა არ ეთანხმება ექსპერტების დასკვნას და უნდობლობას უცხადებს მათ.

თუ მამალაძის მხარე ასე მართლაც ფიქრობს, ალბათ, მოითხოვენ მათი ნდობით აღჭურვილი ადგილობრივი ექსპერტების, ან საერთაშორისო ექსპერტების ჩართვას, რისი უფლებაც მათ კანონით აქვთ, მაგრამ თუ აღნიშნული შეფასება სიმულაციის შესახებ ეჭვქვეშ ვერ დადგება, სიტუაცია რადიკალურად იცვლება და მამა გიორგის და მის დამცველთა ქმედება სულ სხვა კუთხით წარმოჩინდება, რაც მათ ძალიან დიდ პასუხისმგებლობას დააკისრებს.

ვფიქრობთ, აუცილებელია ექსპერტთა დასკვნა სრულად იქნას საზოგადოებისთვის მიწოდებული, რათა გაუგებრობას არ ქონდეს ადგილი.

კანადის პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ევროკავშირში საქართველოს საპატრიარქოს საგარეო განყოფილების თავმჯდომარეს შეხვდა

30 сентября, 2019 - 16:55

ა.წ. 30 სექტემბერს კანადის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი და ახლა უკვე კანადის პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ევროკავშირში, ბ-ნი სტეფან დიონი საქართველოს საპატრიარქოს საგარეო განყოფილების თავმჯდომარეს, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტ გერასიმეს (შარაშენიძე) შეხვდა. მიღებას ესწრებოდნენ საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი დეკანოზი ანდრია (ჯაღმაიძე) და სხვა სასულიერო პირები.

მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე, მათშორის ოკუპირებულ რეგიონებში და საოკუპაციო ხაზთან არსებულ მდგომარეობაზე. ასევე საუბარი შეეხო მართლმადიდებელი ეკლესიის როლს ქვეყნის ცხოვრებაში და ჩვენი ქვეყნის სწრაფვას ევროკავშირისკენ.

ბ-ნმა სტეფან დიონმა მეუფე გერასიმეს მიღებისთვის და საინტერესო საუბრისთვის მადლობა გადაუხადა და აქტიური თანამშრომლობის იმედი გამოთქვა.

ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარი 10 წლისაა

30 сентября, 2019 - 16:35

29 სექტემბერს ივერიის ღვთისმშობლის ხატის დღესასწაულზე საზეიმო წირვა შესრულდა ვარკეთილის ივერიის ღვთისმშობლის ხატის ეკლესიაში, რომელიც 10 წლის წინ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ (ჭუაძე) აკურთხა. ამ საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით ტაძრის წინამძღვარმა, დეკანოზმა იაკობმა (უშიკიშვილი) მოწვეულ სამღვდელოებასთან ერთად სადღესასწაულო წირვა აღასრულა.

წირვის შემდეგ მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევით, წალკელმა ეპისკოპოსმა გრიგოლმა (კაცია) ღვთიმსშობლის პარაკლისი გადაიხადა, დალოცა მრევლი და მიულოცა ტაძრის დღესასწაული.

აღსანიშნავია, რომ ამ ტაძართან არსებობს უპოვართა სატრაპეზო, რომელსაც 500-ზე მეტი სხვადასხვა ეროვნებისა და აღმსარებლობის ბენეფიციარი ჰყავს. აქვე ფუნქციონირებს საკვირაო სკოლა, რომელშიც 120-ზე მეტი ბავშვი სწავლობს გალობას, სიმღერას, ფერწერას, ხატწერას, ქარგვას, ხეზე კვეთას და საღვთო სჯულს. ახლო მომავალში გაიხსნება 12000 წიგნზე გათვლილი ბიბლიოთეკაც და ყველა მსურველს შეეძლება ისარგებლოს მისთვის სასურველი წიგნით და გაიმდიდროს ცოდნა.

საქართველოს საპატრიარქოს ფონდ ,,გაამწვანე საქართველოს” მხარდაჭერით ხაშურში ახალი პარკის გაშენება დაიწყო

30 сентября, 2019 - 16:13

ა.წ. 28 სექტემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით დაფუძნებულმა ფონდმა ,,გაამწვანე საქართველომ” მორიგი მასშტაბური ღონისძიება განახორციელა. ხაშურის ახალ რეკრეაციულ ზონაში (ყოფილი აგურის ქარხნის ტერიტორია) საპატრიარქოს ფონდისა და ლიეტუვის საელჩოს ორგანიზებით, ასევე ფონდ ,,ENERSTENA Group’’-ის ხელშეწყობით, ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიასთან და ,,ხაშურის რეგიონის განვითარების ასოციაციასთან“ თანამშრომლობით 3 ჰექტარზე დაიწყო პარკის გაშენება. ღონისძიების ფარგლებში ნეკერჩხლის, ფიჭვის, ტუიას, ზეთისხილის და სხვა მცენარეთა 500-ზე მეტი ნერგი დაირგო.

ახალი პარკის გაშენებაში მონაწილეობა მიიღეს ხაშურის მერმა გიორგი გურასპაშვილმა, ლიეტუვის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში გიედრიუს პუოჯუნასმა, სურამისა და ხაშურის ეპისკოპოსმა სვიმეონმა (ცაკაშვილი), ეროვნული სატყეო სააგენტოს წარმომადგენლებმა, ლიეტუველმა სამხედრო პირებმა და ადგილობრივმა მოსახლეობამ.

ფონდი ,,გაამწვანე საქართველო” მომავალშიც აქტიურად დაუჭერს მხარს რეკრეაციული ზონების შექმნა-გაუმჯობესებას.

Страницы